ახალი ამბები

„ეს არ არის საავადმყოფო, ეს ციხეა“ — სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მე-18 დაწესებულებაზე

12 ნოემბერი, 2021 •
„ეს არ არის საავადმყოფო, ეს ციხეა“ — სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მე-18 დაწესებულებაზე

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი ჯონ სენდვიჯი აცხადებს, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულება, სადაც სააკაშვილი იმყოფება, არ არის შესაფერისი დაწესებულება ჯანმრთელობის მდგომარეობს შესაძლო გაუარესების შემთხვევისთვის.

„ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის ციხე. მართალია, აქ არსებობს სამედიცინო განყოფილება, მაგრამ ეს არ არის შესაბამისი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისთვის“,- განაცხადა ადვოკატმა.

„ეს [სააკაშვილი] არის ადამიანი, ვის მიმართაც ხელისუფლებას მაღალი პასუხისმგებლობა მოეთხოვება მისი ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე. არ ვგულისხმობ გამორჩეულ მოპყრობას, მაგრამ მისი ძალით მოთავსება მსგავს დაწესებულებაში უკიდურესად შემაშფოთებელია“, — თქვა ადვოკატმა.

„ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი უნდა იმყოფებოდეს. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს კითხვის ნიშნები, თუ რამდენად შესაძლებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა აქ, რადგან აქ არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა“, – განაცხადა სენდვიჯმა გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

სენდვიჯმა ასევე განაცხადა, რომ იმედს იტოვებს, საქართველოს ხელისუფლება სხვა, სამოქალაქო დაწესებულებაში გადაიყვანს ყოფილ პრეზიდენტს.

„როგორც ადვოკატი, მე გავაგრძელებ მუშაობას, რომ მას მოეპყრან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და გავაგრძელებ ადვოკატირებას, რომ მას მოეპყრან ჯანმრთელობის საჭიროებების შესაბამისად და დაიცვან მისი უსაფრთხოება“, – ამბობს იგი.

მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია საერთაშორისო კანონმდებლობით, იზრუნოს პატიმარზე.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმის გამო, თუ როგორ ეპყრობოდნენ სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას. ამერიკელმა ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილი დღეს, 12 ნოემბერს მოინახულა.


11 ნოემბერს გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავს ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრების გავრცელების შემდეგ პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. ვიდეოში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს თბილისში და მას შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

მისი გათავისუფლებისა და სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი