პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრანის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის უარი უთხრა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელ ექიმებს შეემოწმებინათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნული თხოვნით ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას მიმართა. მათივე ცნობით, საუბრისას ვოლოდიმერ ზელენსკი დაინტერესდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაზეც ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა ზელენსკის უთხრა, რომ სააკაშვილს საშუალება ეძლევა, მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და „შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა“.
„სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ, როცა უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა „წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები“.
მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას ღარიბაშვილმა „სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი„ და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.
ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ზელენსკიმ გაავრცელეა. მისი ცნობით, სატელეფონო საუბარში ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა, საპყრობილეში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან მისი დედა, ნათესავები და უკრაინელი ექიმები შეუშვან.
„სატელეფონო საუბარში ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები აუცილებლად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების ფარგლებში. მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან შეშვება.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს.
სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს.