ახალი ამბები

რუსული გამანადგურებლები ბელარუსში იფრენენ – კრიზისი პოლონეთის საზღვარზე

12 ნოემბერი, 2021 • 1250
რუსული გამანადგურებლები ბელარუსში იფრენენ – კრიზისი პოლონეთის საზღვარზე

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბელარუსის საჰაერო სივრცეში, პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე მიგრანტთა კრიზისის პარალელურად, ბელარუსულ საჰაერო ძალებთან ერთად, პატრულირების ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავებმა გამოსცადეს სახმელეთო კონტროლის პუნქტებთან ურთიერთქმედების საკითხები.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხის ცნობით, სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ჰაერში და მიწაზე მიმდინარე სიტუაციის ადეკვატურ პასუხს.

„ერთობლივი ფრენები რეგულარულად განხორციელდება“, – წერია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში.

პოლონურმა მხარემ ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ განსაკუთრებული ზონა შექმნა. საზღვართან მობილიზებულია 15 000 ჯარისკაციც, რომლებმაც ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლის მსურველ მიგრანტები უნდა შეაფერხონ.

დასავლური სახელმწიფოების თანახმად, ბელორუსი ეხმარება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მომავალ მიგრანტებს ევროკავშირში შესვლაში, რათა მისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ ევროპაში მიგრანტთა კრიზისი შექმნას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ლუკაშენკო კრიზისის ხელოვნურად შექმნის მითითებებს მოსკოვში იღებს.

კრემლი კრიზისთან კავშირს უარყოფს.

უფრო მეტი პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე შექმნილი კრიზისის შესახებ გაიგეთ ნეტგაზეთის სტატიიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი