ახალი ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილების პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია – ხოშტარია

11 ნოემბერი, 2021 •
სტრასბურგის გადაწყვეტილების პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია – ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია.

მისი თქმით, სტრასბურგმა სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით სპეკულაციები დაასრულა.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის საკითხი, რომლის პოლიტიზება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება არის აბსოლუტურად დაუშვებელი. დაუშვებელია არა კეთილსინდისიერების კატეგორიებით, არამედ მიაყენებს ძალიან დიდ ზიანს მთლიანად ქვეყანას. აქ არც მთავრობას და არავის არ აქვს მანევრის საშუალება. ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ და მძიმე შედეგებს ნებისმიერისთვის, ვინც დაიწყებს ამით მანიპულირებას.

სტრასბურგმა კონკრეტულად ამ მომენტში არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღესვე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ოღონდ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი შიმშილობს. ყველანაირი სპეკულაცია, რომ არ შიმშილობს, ჭამს და ა.შ. ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ უგულებელყოფილი“, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, ის, რომ სტრასბურგმა სააკაშვილის საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში მიიღო და დეტალური ინფორმაცია მოითხოვა იმ პირობების შესახებ, სადაც ის იმყოფება, ნიშნავს, რომ ეს პროცესი უკვე სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშაა.

როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას მიეცა შანსი, რომ მოკლევადიანი მწვავე კრიზისიდან გამოვიდეს.

„სტრასბურგში მოუწევთ იმ კადრების ჩვენება, თუ როგორ ატყუებენ მიხეილ სააკაშვილს გადაყვანის დროს, იმ კადრების, რომელიც მისი ნებართვის გარეშე არის გამოქვეყნებული. სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში არ არის საკმარისი პირობები მისი უსაფრთხოების და სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით. ამიტომ უმაღლესი ინსტიტუტი აკონტროლებს ახლა ამ პროცესს.

ამ მეთვალყურეობისთვის მიცემულია ძალიან კონკრეტული ვადა – ეს არის 2 კვირა და ეს ორი კვირა ჩვენთვის ყველასთვის  და, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის არის შანსი, რომ გამოვიდეთ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან. რომ არ იყოს აქ საფრთხე, ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ და ისინი გაეცნობიან იმ ყველაფერს, რაც აქ ხდება. ხელისუფლებას დღეს პირდაპირ შეუძლია, მათ შორის საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და სტრასბურგთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ დღეს, 11 ნოემბერს.

ხოშტარია საქართველოს პარლამენტის შენობაში უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს. მისი ერთადერთი მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე თქვა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი