კომენტარი

სანამ ვაკონტროლებ ჩემს გადაწყვეტილებებს, შიმშილობას არ შევწყვეტ – ხოშტარია

10 ნოემბერი, 2021 • 1129
სანამ ვაკონტროლებ ჩემს გადაწყვეტილებებს, შიმშილობას არ შევწყვეტ – ხოშტარია

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ ამის ძალა ფიზიკურად ექნება და გონებას არ დაკარგავს. ამის შესახებ ხოშტარიამ “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.

მისი განცხადებით, შიმშილობის გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად ჰქონდა გააზრებული მისი შინაარსი და შედეგები. ხოშტარიამ შიმშილობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყო და მე-8 დღეა, რაც პარლამენტის შენობაში შიმშილობს.

როგორც ხოშტარია აცხადებს “ნეტგაზეთთან”, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის მხარდასაჭერად არ მიუღია, არამედ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული, სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები კი ზოგადად ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი.

ხოშტარია გასული დღეების განმავლობაში მედიკამენტურ მკურნალობაზე უარს ამბობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოშტარია ფიქრობს, რომ ეს პროცესები უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდა. სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტა “დროას” ლიდერმა ისეთი მედიკამენტების მიღება, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარება:

“ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემი მდგომარეობის შესამსუბუქებელ მედიკამენტებს არ მივიღებ, არ მივიღებ კალორიებს, გლუკოზას, ისე [ისეთ წამლებს], რომ უბრალოდ უკეთ ვიყო, არ მივიღებ.

მხოლოდ როდესაც ექიმი მეტყვის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ანუ სასიცოცხლოდ და არა კარგად ყოფნისთვის, მაშინ მივიღებ მედიკამენტებს, რომ მქონდეს იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა ამ ბრძოლისთვის.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ არაფერი შეისმინოს, ამ შემთხვევაში, თუ მე უკვე აღარ ვიქნები გონებაზე, ფიზიკური მდგომარეობა მიღალატებს, ეს უკვე ჩემს კონტროლს მიღმაა, რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ მე ვაკონტროლებ ჩემს გადაწყვეტილებებს, შეუძლებელია, რომ უბრალოდ გადავთქვა სიტყვა”, – განაცხადა ხოშტარიამ.

სააკაშვილი პატიმრობაში — მოკლედ

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მას ბრალად ედება 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლების პირობებში კიდევ ორი საქმეა აღძრული. დღეს, 10 ნოემბერს სასამართლო განიხილავს 7 ნოემბრის საქმეს.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი მოითხოვდა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ და არა ციხის საავადმყოფოში. ამავე პოზიციაზე იყვნენ მისი ადვოკატები, თანაპარტიელები და პირადი ექიმი.

თუმცა 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო აცხადებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მკურნალობის ყველა პირობა არსებობს. თუმცა სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილი კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი