სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე თანახმაა, თუმცა, მის მიერ მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.
ამის შესახებ მიქელაძემ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.
„მის[სააკაშვილის] მიერ გავრცელებულ განცხადებაში იგი მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე. აქედან გამომდინარე, არსებობს თუ არა მის სხეულზე ჯანმრთელობის დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა. მან ამის ჩატარებაზე თანხმობა გამოთქვა. თანახმაა, პირადად წარდგეს ექსპერტების წინაშე, მის მიერ მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით“, – განაცხადა მიქელაძემ.
რაც შეეხება გამოკითხვას, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა, გამომძიებლის თქმით, დღეს ვერ მოხერხდა.
„მოგეხსენებათ, პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გამოკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით. როგორც ჩვენ დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში განგვიცხადეს და რა ფაქტობრივი მოცემულობაც დღეს ჩვენ დაგვხვდა. როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისათვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულო გზებზე, რის შესახებაც გეცნობებათ“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსთავის მე-12 საპყრობილიდან მოტყუებით წაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში, ადგილზე მისულს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში — სააკაშვილი გლდანში გადაყვანაზე
