ახალი ამბები

„ლელო“ ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“ დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

9 ნოემბერი, 2021 • 1067
„ლელო“ ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“ დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

პარტია „ლელო“ ითხოვს დაიწყოს გამოძიება ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას სავარაუდო მოწამვლაზე.

„ლელოს“ განცხადებთ, შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

„ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“ დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შფოთის და დაძაბულობის შემოიტანა. ასევე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყების შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ჯგუფები განიხილავენ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს“. მან ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ არ დააკონკრეტა წყარო, საიდანაც ეს ინფორმაცია აქვს. კობახიძის განცხადებით, ეს ინფორმაცია გაუთქმელობის პირობით მიიღეს სანდო წყაროსგან.

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში მე-7 დღეა შიმშილობს. ის მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და ამ დრომდე გადასხმასა და ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს.

„ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ, არარელევანტურ საკითხზე“, – ასე შეაფასა ელენე ხოშტარიამ ირაკლი კობახიძის განცხადება.

განიხილავენ ხოშტარიას მოწამვლის სცენარს – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი