ახალი ამბები

განიხილავენ ხოშტარიას მოწამვლის სცენარს – კობახიძე

9 ნოემბერი, 2021 • 1561
განიხილავენ ხოშტარიას მოწამვლის სცენარს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ჯგუფები განიხილავენ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს“.

მან ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბარი რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სუს-მაც გაავრცელა ინფორმაცია.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.

ყველას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ, რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ არ დააკონკრეტა წყარო, საიდანაც მას ეს ინფორმაცია აქვს. კობახიძის განცხადებით, ეს ინფორმაცია გაუთქმელობის პირობით მიიღეს სანდო წყაროსგან.

ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის შენობაში მე-7 დღეა შიმშილობს.

„ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ, არარელევანტურ საკითხზე“, – ასე შეაფასა ელენე ხოშტარიამ ირაკლი კობახიძის განცხადება.

მან ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტოს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.

ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე და მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ან აქცენტების და ყურადღების გადატანა, არ გამოუყვათ. ერთადერთი, რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი, არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან. მეტს ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი