ახალი ამბები

ღამისთევები არ არის საჭირო, დილიდან უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს – მელია

9 ნოემბერი, 2021 • 1048
ღამისთევები არ არის საჭირო, დილიდან უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ აქციებზე ღამისთევა და ენერგიის გამოცლა საჭირო არაა. ამის შესახებ მან დღეს, 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი ისტორიული გამარჯვებები სხვაგვარად არ მოდის. მე ჩემს მეგობრებთან ერთად მგონია, რომ ღამისთევები და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო. დილიდან ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს და არა ღამის თენებით რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდი არის ბრძოლის გაშლა სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის დრო არ არის. ბრძოლის დრო არის. ჩვენ არ გვაქვს არცერთი საათი დასაკარგი.

ნომერი პირველი მიღწევა არის მიშას გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რითიც ელენე ხოშტარიას უკვე მძიმე მდგომარეობას პასუხი გაეცემა და ელენეც შეწყვეტს შიმშილობას. მისი მდგომარეობაც არ არის მარტივი, არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ არა პირიქით, უარესი. ამიტომ არანაირი დაღლა. ყოველი დღის ბოლოს გვექნება მომდევნო დღის გეგმა და შეგატყობინებთ რამდენიმე წერტილთან მიმართებაში. მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დავასახელებთ და იმტვრიონ თავი „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიამ მათი სამოქმედო გეგმის შესახებაც განაცხადა. მისი თქმით, ხვალ, 10 ნოემბერს, 11 საათზე ერთდროულად გაიმართება სამი აქცია: იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ასევე მოდულის შენობასთან.

მელიას თქმით, ახლა სახლში ჯდომის დრო არ არის და თანდათანობით გაიზრდება აქციის წერტილები და ლოკაციები.

მელიას თქმით, თუკი ხვალ, პირველ საათზე ჩანიშნული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მაშინ აღნიშნული დროისთვის აქცია სასამართლოს ეზოში გადაინაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი