ახალი ამბები

მიიღოს სააკაშვილმა საჭირო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში – აშშ-ის ელჩი

9 ნოემბერი, 2021 • 3979
მიიღოს სააკაშვილმა საჭირო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში – აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი  მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში გაეწიოს.

„შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„სამედიცინო კონსილიუმის უკანასკნელი შეფასების ფონზე, რომ ის კარდიოლოგიური რისკის წინაშე დგას და გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება, ასევე, სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადების ფონზე, რომ გლდანის ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში არ არის შესაბამისი და საკმარისი პირობები, მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყონ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, მიიღოს თავისი ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს ის სამედიცინო დახმარება, რასაც, როგორც ექიმები ამბობენ, სჭირდება“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

მისი შეფასებით, ამჟამად „სენსიტიური და ემოციური სიტუაციაა“ შექმნილი და „პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული“.

„მას უნდა მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყოს მათი უსაფრთხობა“, – განაცხადა ელჩმა.

 

„კიდევ ერთხელ, – მოვუწოდებთ მთავრობას, დარწმუნდნენ, რომ ბატონი სააკაშვილი დაუყოვნებლივ მიიღებს საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა მან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი