პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შემოწმება დაიწყო.

საუბარია გუშინ, 8 ნოემბერს გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, როგორ ცლის სააკაშვილი თავის საკანს რუსთავის მე-18 დაწესებულებაში. ამის შემდეგ სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაიყვანეს. თუმცა მან მალევე განაცხადა, რომ ეს მოტყუებით მოხდა, რადგან თავდაპირველად უთხრეს, რომ მიდიოდნენ კერძო კლინიკაში და არა – გლდანის ციხეში, სადაც ციხის სამკურნალო დაწესებულება მდებარეობს.

სააკაშვილმა მანამდე არაერთხელ თქვა, რომ არ იყო თანახმა გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.

„მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით დაიწყო შემოწმება“, — უთხრეს ნეტგაზეთს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში — სააკაშვილი გლდანში გადაყვანაზე