ახალი ამბები

„შევთავაზეთ მოსამართლეთა სანქცირება“ — გიგაური ოლსონთან შეხვედრაზე

9 ნოემბერი, 2021 • 1037
„შევთავაზეთ მოსამართლეთა სანქცირება“ — გიგაური ოლსონთან შეხვედრაზე

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი,ეკა გიგაური ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მოსამართლეთა ინდივიდუალური სანქცირება შესთავაზა.

დღეს, 9 ნოემბერს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სახალხო დამცველის წარმომადგენელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონს შეხვდნენ.

როგორც ორგანიზაციებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, საუბარი ძირითადად მართლმსაჯულების სისტემასა და მოსამართლეთა ე.წ. კლანს ეხებოდა. თუმცა ორგანიზაციებმა ასევე იმსჯელეს მიხეილ სააკაშვილზეც – „ეს არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლოს“.

„ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, „ტარგეტირებული“ [მიზანმიმართული] სანქციები იქნეს გამოყენებული ჩვენი პარტნიორების მიერ კონკრეტული მოსამართლეების მისამართით. ამავდროულად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ მხარი დავუჭიროთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „კლანის“ ქმედებებს სასამართლო სისტემაში“, – თქვა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

დამატებით კითხვებზე მან თქვა, რომ აშშ-ის  დამოკიდებულებაზე ვერ ისაუბრებს.

„გამჭვირვალობის“ გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ყველა მათგანი აცხადებდა, რომ სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს ესაუბრნენ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემის აღმოფხვრის პოლიტიკური ნების არარსებობაზე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის საკითხს, ვრცლად ამ და სხვა ორგანიზაციების კრიტიკას გაეცანით აქ:

ხელისუფლებამ სააკაშვილი სხვა კლინიკაში უნდა გადაიყვანოს — NGO-ები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი