ახალი ამბები

ხელისუფლებამ სააკაშვილი სხვა კლინიკაში უნდა გადაიყვანოს — NGO-ები

9 ნოემბერი, 2021 • 1146
ხელისუფლებამ სააკაშვილი სხვა კლინიკაში უნდა გადაიყვანოს — NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაყვანა არის მისი უფლებების დარღვევა და შეიცავდა საპროტესტო აქციაზე მყოფი პირების პროვოცირების რისკებს.

„სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ ღამევე, 8 ნოემბერს მოინახულა. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრების მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები ისმოდა. პატიმრისთვის ასეთი გარემოს შექმნას სახალხო დამცველი ღირსების შემლახველად მიიჩნევს. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ სამკურნალო დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და არ არის ტექნიკურად სათანადოდ აღჭურვილი. სახალხო დამცველი აღნიშნულ საფრთხეებზე რამდენიმე კვირაა საუბრობს.

ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები მიუთითებს, რომ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მათი ჩართულობითა და სურვილით, კონსილიუმისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფით არის მიღებული.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი. არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლების გაუმართლებელი ნაბიჯების შედეგად ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს“, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი ხელისუფლებას სააკაშვილის ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ, „სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, — წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • უფლებები საქართველო (Rights Georgia)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

დღეს კიდევ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილი EMC) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ“ (საია), გაავრცელეს საერთო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანა არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი