ახალი ამბები

მზად ვართ ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის – ღარიბაშვილი

8 ნოემბერი, 2021 •
მზად ვართ ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას „ნაცების დასრულებას“ ისახავდა მიზნად, აცხადებს, რომ მთავრობა მზადაა „კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის“ და თუკი ოპოზიციას საქმიანი დებატები სურს, პარლამენტს უნდა დაუბრუნდეს,

„დადგა დრო, რომ საკუთარი, პირადი, ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს, ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე.

„ამიტომ“, – თქვა ღარიბაშვილმა, – „თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამის ადგილი არის პარლამენტი“.

ღარიბაშვილმა მთავრობის სახელით მზადყოფნა გამოთქვა „კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობაზე“ ოპოზიციასთან“:

„მზად ვართ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება“, – თქვა მან.

ღარიბაშვილმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ერთადერთ ოპოზიციონერ მერთან, წალენჯიხის მერ გია ხარჩილავასთან „მჭიდრო და აქტიური მუშაობისთვის“.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად უსვამდნენ ხაზს მათ მიზანს- „ნაცების დასრულებას“.

„დავასრულოთ ნაციონალები“ – ამ სლოგანით ვიდეოკლიპი „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

„ნაციონალური მოძრაობის განადგურებაზე“ ღარიბაშვილი ხშირად საუბრობს. ხელისუფლებაში დაბრუნებისას, 2020 წელს, – როდესაც თავდაცვის მინისტრად წარადგინეს, – ღარიბაშვილმა „ნაციონალების გაუქმება“ დაისახა მიზნად.

19 ოქტომბერს ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ ამბობს, რომ ის ყველას პრემიერია, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, ამ დროს კი, დაახლოებით ნახევარი მილიონი ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს?

„მათ ჯერ კიდევ სჯერათ სააკაშვილის დემაგოგიის და სიცრუის, ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც სიბოროტის ჩამდენი, უნდა დასრულდეს. პოლიტიკურად უნდა განულდეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გარდა იმისა, რომ სახიფათოა, ეს უფრო სისულელე არის“, – ასე აფასებდა კომენტატორების ნაწილი მმართველი გუნდის მხრიდან ამ დაპირების გააქტიურებას.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი