ახალი ამბები

8 ნოემბერს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

7 ნოემბერი, 2021 • 1640
8 ნოემბერს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

ხვალ, 8 ნოემბერს 8 საათზე, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს, 7 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სწორედ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე გადის ისტორიული არჩევანის ხაზი დასავლეთსა და რუსეთს შორის.

„მინდა მოგმართოთ ქართველ პატრიოტებს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივრებს, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება.

მინდა განვაცხადო და პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას, დიახ, მე მიმაჩნია ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული თუ ჩვენ ახლა უკვე მეორედ, მეორე საქართველოს პრეზიდენტს მოვკლავთ. დღეს სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე, დასავლეთი თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი, ვხედავთ, ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, „8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან“ უნდა დაიწყონ.

„ჩვენ ვიბრძვით თუნდაც იმისთვის, რომ 4 შვილის დედას ელენე ხოშტარიას არ უწევდეს შიმშილობა, რომ გადაგიჟებულ ხელისუფალს აუხსნას, რომ მკურნალობის უფლება ყველას აქვს. და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ყველაფრისთვის. ჩვენ ვიბრძვით, რომ საქართველო დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი იყოს და არ ჩაიგდოს ხელში რუსეთმა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გუშინ, 6 ნოემბერს, რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ენმ ხელისუფლებას 24-საათიან ვადა მისცა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად. თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ხელისუფლებამ არ შეასრულა.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა შესაძლოა რამდენიმე საათში კრიტიკულზე კრიტიკული გახდეს. ამის შესახებ მან დღეს, 7 ნოემბერს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ყიფშიძის თქმით, მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა მისი კადრები გამოაქვეყნა, სააკაშვილმა უარი თქვა  სიცოცხლისთვის საჭირო წამლებისა და მინერალების მიღებაზე და ახლა საჭიროა, რომ კონსილიუმის წევრები სასწრაფოდ შეხვდნენ და გადაწყვეტილება მიიღონ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტში არის გადაღებული. პენიტენციური სამსახური ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში”, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ „კადრების სამარცხვინო გამოქვეყნება“ მას ვერაფერს დააკლებს. მისი თქმით,  ყველაფერი, რასაც ციხეში იღებს, დოკუმენტირებულია, თუმცა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებზე ასახული საკვები არ უნახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი