ახალი ამბები

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც FB-ზე მოქალაქეებს ატყუებდა და მათი ანგარიშებიდან თანხას ირიცხავდა

7 ნოემბერი, 2021 • 1472
შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც FB-ზე მოქალაქეებს ატყუებდა და მათი ანგარიშებიდან თანხას ირიცხავდა

პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.შ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა. დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ. შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით ანაღდებდა.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული ზარალი კი 3 930 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნულზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი