ახალი ამბები

მელიას თქმით, აქციის გეგმები სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო შეიცვალა

5 ნოემბერი, 2021 • 1782
მელიას თქმით, აქციის გეგმები სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო შეიცვალა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ გეგმები აქციის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო შეიცვალა და აღნიშნავს, რომ თბილისში საპროტესტო აქციის გამართვა კვლავ ძალაშია:

„ხვალ ჩვენ გვინდა ძალიან მძლავრი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და დანარჩენი ყველა საკითხი, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და საკუთარი სიცოცხლე სამსხვერპლოზე მიიტანა. ეს საკითხები გადაწყდება, მაგრამ მე მინდა, როდესაც ეს მოხდება, მიხეილ სააკაშვილი იყოს ცოცხალი.

ამიტომ, მე მეგობრებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მდგომარეობის გართულების კვალდაკვალ, ხვალ ეს აქცია გაიმართოს რუსთავის ციხესთან. ეს არის მიზეზი, რატომაც დროებით შევცვალეთ გეგმა“, – აცხადებს ნიკა მელია ტელეკომპანია „მთავართან“.

მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება. სააკაშვილის უფლებამდაცველები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი