ახალი ამბებირეკლამა

იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა

5 ნოემბერი, 2021 • 991
იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა

3-13 ნოემბერს, შარჟაში მიმდინარე საერთაშორისო წიგნის ბაზრობის ფარგლებში, გაიმართა იუნესკოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელსაც წინა წლების წიგნის მსოფლიო დედაქალაქების პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი და დირექტორის მოადგილე, ნინო კიკნაძე ესწრებოდნენ. 

მან „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მრჩეველთა კომიტეტის წევრებს (UNESCO, IAF, IFLA, IPA), მრჩეველთა საბჭოს მიერ არჩეულ საერთაშორისო ექსპერტებს და სხვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქების წარმომადგენლებს, გააცნო „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში მიმდინარე პროცესები, პროექტის განხორციელებისას გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და განვლილი ექვსი თვის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებაზე.

აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა იყო წიგნის მსოფლიო დედაქალაქების სამუშაო ქსელის შექმნა, რომელიც იუნესკოს „წიგნი მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის მთავარმა კურატორმა, იან დენოსონმა, რამდენიმე კვირის წინ, მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე დააანონსა. ქსელი ამ სტატუსის მიღების მსურველ ქალაქებს არა მხოლოდ წარსადგენი აპლიკაციის მომზადებაში დაეხმარება, არამედ თავად პროექტის განხორციელებისასაც გაუწევს ყველა სახის კონსულტაციას. 

იუნესკოს აღნიშნული ინიციატივა მომართული იქნება წიგნის დედაქალაქებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაცვლაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და პარტნიორობის ხელშეწყობაზე, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე. შედეგად ჩამოყალიბდება მდგრადი დაფინანსების მოპოვების ძლიერი მექანიზმი და სტრუქტურულად ორიენტირებული ქსელი, რაც სტატუსის მსურველ და განმახორციელებელ ქალაქებს, ბევრად გაუადვილებს პროექტის განხორციელებას, რაც მეტი შედეგის მომტანიც იქნება. 

იუნესკოს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან, დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 23 ქალაქი ატარებდა. თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მსგავსი ტიპის ძირეული რეფორმა არ განხორციელებულა. ცვლილებას, რომელმაც, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოპოვებისა და პროგრამის განხორციელების პროცესი უნდა შეამსუბუქოს და უფრო შინაარსზე ორიენტირებული გახადოს, თავად სტატუსის მოპოვების მსურველი ქალაქები ითხოვდნენ. აღნიშნული ინიციატივა იმ მხრივაც გამორჩეულია, რომ, ქსელი, ამ ქალაქებს, პროცესში გრძელვადიანი ჩართულობის საშუალებას მისცემს, რაც პროექტის მთავარ გზავნილს – წიგნისა და წიგნიერების განვითარების პროცესს უფრო გაამყარებს. 

ღონისძიებას მასპინძლობდა უდიდესი საბიბლიოთეკო-საგანმანათლებლო კომპლექსი House of Wisdom, რომელიც შარჟაში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, 2019 წელს გაიხსნა. 

იუნესკოს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის მასპინძელ ყველა ქალაქს, მომავალი წლის აპრილში, თბილისი უმასპინძლებს.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი