ახალი ამბები

მამალაძის საქმეზე ილია II-სთან შეხვედრაზე საპატრიარქოში უკანა კარიდან შემაპარეს – გვარამია

4 ნოემბერი, 2021 • 8294
მამალაძის საქმეზე ილია II-სთან შეხვედრაზე საპატრიარქოში უკანა კარიდან შემაპარეს – გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ როდესაც ბოლოს პატრიარქ ილია II-ს შეხვდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში უკანა კარიდან შეაპარეს.

„მე ხანგძლივი ურთიერთობა მაკავშირებს მასთან [ილია II-სთან, თუმცა] ბოლო წლებია [არ მინახავს]. [„ციანიდის საქმეზე“ დაკავებულ დეკანოზ გიორგი] მამალაძესთან დაკავშირებით შევხვდით ჩვენ და, – მისი მოთხოვნა იყო ეს, – ჩუმად შემაპარეს და ერთი-ერთზე შემახვედრეს“, – განაცხადა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში საუბრისას.

„პირდაპირი მნიშვნელობით უკანა კარიდან შემაპარეს მისი თხოვნით საპატრიარქოში, რომ არავის არ ვენახე. მას რომ ველაპარაკე და რომ გაუშვა შორენა [თეთრუაშვილი], [მიტროპოლიტი] შიო [მუჯირი] და სხვები ოთახიდან, ატყდა ერთი ამბავი, როგორ მოვხვდი მე საპატრიარქოში. ეს იყო ბოლო ჩემი მასთან შეხვედრა“, – განაცხადა გვარამიამ.

„ამის შემდეგ უკვე რაც ხდება, ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოს მთელი იმიჯი ჩამოანგრია, გაანადგურა და დღეს ქართული ეკლესია სისხლიანი ასოებით წერს საკუთარი დასასრულის ისტორიას“, – განაცხადა მან.


ნიკა გვარამია ილია მეორეს 2018 წლის 15 მარტს შეხვდა.

მანამდე მაშინდელი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ადვოკატის სტატუსით, დეკანოზ გიორგი მამალაძესაც შეხვდა.

საპატრიარქომ მაშინ განაცხადა, რომ გვარამიამ თვითონ ითხოვა კათალიკოს-პატრიარქთან შეხვედრა.

ნიკა გვარამიამ საპატრიარქოს ამ განცხადებას რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში უპასუხა. მისი თქმით, შეხვედრა საერთო სურვილით შედგა.


ნიკა გვარამია აკრიტიკებს საპატრიაქოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პოზიციის გამო და ამბობს, რომ არ სჯერა, ან არ უნდა, სჯეროდეს, რომ ახლანდელი პოზიცია ილია II-ს ეკუთვნის.

„მთავარი არხის“ დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და სასამართლო სააკაშვილის მიმართ არაჰუმანურად იქცევა.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი