ახალი ამბები

სააკაშვილი ალტერნატიული კომისიის დაშვებამდე კონსილიუმის კვლევებზე უარს ამბობს

4 ნოემბერი, 2021 • 1023
სააკაშვილი ალტერნატიული კომისიის დაშვებამდე კონსილიუმის კვლევებზე უარს ამბობს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმთან მუშაობას იმ დრომდე, სანამ ალტერნატიულ კონსილიუმთან შეხვედრის საშუალება არ ექნება.

“მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იგი აღარ გაივლის ექიმთა კონსილიუმის კვლევას იმ დრომდე, ვიდრე არ იქნება დაშვებული ალტერნატიული კომისია. პირადად ყველა ექიმის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და ნდობას, თუმცა მიიჩნევს, რომ პლატფორმა, რომელიც ექიმებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არის პოლიტიზებული, უკვე აღარ გამოხატავს მის ინტერესებს და აღარ ემსახურება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და იქ ექიმების ხმა არის დაკარგული”, — განაცხადა გვარამიამ.

ის მოუწოდებს კონსილიუმის ექიმებს, საჯაროდ ისაუბრონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მოითხოვონ ხელისუფლებისგან ალტერნატიული მექანიზმების ამოქმედება.

ცენტრი “ემპათია”, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით ალტერნატიული კონსილიუმი შექმნა, აცხადებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ხელს უშლის ციხეში შესვლაში. ორგანიზაცია აცხადებს, რომ 3 ნოემბერს მიიღო სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამთა დემურიშვილის პასუხი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პენიტენციური მოითხოვს ექსპერტთა თანხმობას ჯანდაცვის სამინისტროდან ექსპერტების პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვნაზე, რაც უკანონო და ხელოვნური ბარიერის შექმნას ემსახურება.

“ემპათია” პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტის ხელშეშლაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი