ახალი ამბები

“ემპათია” პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტის ხელშეშლაში ადანაშაულებს

4 ნოემბერი, 2021 • 1056
“ემპათია” პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტის ხელშეშლაში ადანაშაულებს

ცენტრი “ემპათია”, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით ალტერნატიული კონსილიუმი შექმნა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ხელის შეშლის მცდელობაში და დაწესებულებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 3 ნოემბერს მიიღო სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამთა დემურიშვილის პასუხი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პენიტენციური მოითხოვს ექსპერტთა თანხმობას ჯანდაცვის სამინისტროდან ექსპერტების პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვნაზე.

“ემპათიის” დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, წერილში დაზუსტებული არაა, რა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას ითხოვს პენიტენციური მაშინ, როცა ყველა ექსპერტის პროფესიული სახელმწიფო სერტიფიკატი წარდგენილია სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი და აღნიშნული სერტიფიკატები საჯაროა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საიტზე.

“ვითხოვდით ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო შემოწმების და ასევე, უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით. უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა სტამბოლის პროტოკოლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მივიღეთ არაადეკვატური პასუხი, რომლითაც ეჭვქვეშ აყენებენ ექსპერტთა კვალიფიკაციას, აცხადებენ, რომ მათ აქვთ უფლება, შეამოწმონ ექსპერტის კვალიფიკაცია. აღნიშნული მოთხოვნები სცდება საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებს.

კანონის თანახმად, პაციენტს აქვს უფლება, მოიწვიოს მკურნალი ექიმი და შეარჩიოს სამედიცინო დაწესებულება. ასევე, აქვს უფლება, ალტერნატიული აზრი მოიწვიოს და მოითხოვოს ექსპერტიზა, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ ზეწოლად და ექსპერტიზისთვის შემაფერხებელ გარემოებად, რაც ნიშნავს, რომ დროში წელავენ ექსპერტების დაშვებას სააკაშვილთან”, — განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცენტრმა “ემპათიამ” სახალხო დამცველს მიმართა, ასევე, აპირებს წერილის გასაჩივრებას იუსტიციის მინისტრთან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება. ისინი მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო საავადმყოფოში, თუმცა იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექს-პრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი