ახალი ამბები

მეხუთე პრეზიდენტი ელის, როდის მოკვდება მესამე პრეზიდენტი – მელია

4 ნოემბერი, 2021 • 993
მეხუთე პრეზიდენტი ელის, როდის მოკვდება მესამე პრეზიდენტი – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებას ეხმაურება.

„ტრაგედიას ვადევნები გუშინ თვალს, როდესაც ტრაგიკული სცენარი გათამაშდა: ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დასცინის მოშიმშილე, მომაკვდავ მესამე პრეზიდენტს“.

„ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს იგი, მესამე პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს ისიც, დასცინის, აბუჩად იგდებს და ისტორიული უსამართლობისთვის ბოლოს მოღების ნაცვლად, დავინახეთ, რომ ელოდება, როდის მოკვდება მესამე პრეზიდენტი“, – განაცხადა მელიამ 4 ნოემბერს ქუთაისში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მიჩნეულ უნდა იქნას განსაკუთრებულ პატიმრად და ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღოს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.


ქუთაისში ოპოზიციის აქცია იმართება. აქციაზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დაიწყო. აქციები უკვე გაიმართა ბათუმსა და ზუგდიდში. შაბათს, 6 ნოემბერს კი, აქცია თბილისში გაიმართება.

ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გააყალბა. არჩევნების შედეგების მიხედვით, 64 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მერის არჩევნებში 63 ოლქი მოიგო მმართველმა პარტიამ და მხოლოდ წალენჯიხაში მოიგო ენმ-ს კანდიდატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი