ახალი ამბები

„ცოტაც და ყველა სიტყვას უკან წავიღებ და ბოდიშს მოვიხდი“ — ელისაშვილი პრეზიდენტზე

4 ნოემბერი, 2021 • 3829
„ცოტაც და ყველა სიტყვას უკან წავიღებ და ბოდიშს მოვიხდი“ — ელისაშვილი პრეზიდენტზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა სიტყვას ეთანხმება, რაც 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა:

„ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე! ბრავო! ცოტაც და ყველა საძაგელ სიტყვას უკან წავიღებ და ყველა სიტყვაზე ბოდიშს მოვიხდი, რაც წლების მანძილზე მასზე მითქვამს. ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგ-პონგის ფონზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით“ ,— ამბობს ელისაშვილი.

გუშინ, 3 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, მთავრობას და ეკლესიას ვაქცინაციის ხელშესაწყობად ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ასევე, ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნა გააკრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად შეაფასა, რომლის დროსაც „უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა“, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად, თავი არავინ უნდა ჩათვალოს გამარჯვებულად, რადგან, მისი შეფასებით, გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი