ახალი ამბები

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას აკრიტიკებს

3 ნოემბერი, 2021 • 888
პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნას აკრიტიკებს.

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა, ამ ფორმით და ამ დროს, წარმოადგენს გაუგებარ ნაბიჯს, როცა ვიცით, თუ რა სიმბოლური ნაბიჯი უჭირავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით და რაოდენ ყურადღებას იქცევს მისი შემადგენლობა თუ მისი მიუკერძოებლობა”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგის ჩანიშვნამდე, დღეს, 3 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისთან, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშულ წევრ თამარ ჯვამიჩავასთან.

31 ოქტომბერს, მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი — პაატა სილაგაძე და გიორგი გოუგინაშვილი — აირჩიეს.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. კონფერენციის გამართვამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ამბობდნენ, რატომ ჩაინიშნა კონფერენცია ახალი წევრების ასარჩევად მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წევრს უფლებამოსულების ვადა არ ჰქონდა ამოწურული.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნა გააკრიტიკეს სამოქალაქო სექტორმა და საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა.

ჰარცელი იუსტიციის საბჭოში დანიშვნებს აკრიტიკებს და ასოცირების შეთანხმებაზე მიანიშნებს

იუსტიციის საბჭოში დანიშვნებს EU-ს შემდეგ აშშ-ის საელჩო აკრიტიკებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი