ახალი ამბები

ბრალდებული სალონში ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა – პროკურატურა

3 ნოემბერი, 2021 • 1736
ბრალდებული სალონში ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე შეუწყნარებლობის მოტივი გამოიკვეთა.

უწყების განცხადებით, დაკავებული ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა, სადაც ერთ-ერთ ტრანსგენდერ თანამშრომელს თავს დაესხა და სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა.

„ბრალდებულმა, ასევე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა სალონში მყოფ სხვა ტრანსგენდერ თანამშრომელს. დაწესებულებაში მყოფი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ბრალდებულმა ვერ შეძლო მასაჟის სალონში დასაქმებული თანამშრომლების მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს 2021 წლის 1 ნოემბერს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი