ახალი ამბები

არ მგონია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია — სარჯველაძე იუსტიციის საბჭოში დანიშვნებზე

3 ნოემბერი, 2021 • 1198
არ მგონია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია — სარჯველაძე იუსტიციის საბჭოში დანიშვნებზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ ეთანხმება ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების შეფასებას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა უკან გადადგმული ნაბიჯია.

საელჩოების შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნები ნაჩქარევი და გაუმჭვირვალე იყო, თუმცა, სარჯველაძის თქმით, სიჩქარე გადაწყვეტილების სისწორეს არ გამორიცხავს.

„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი იმ პრინციპთაგანია, რომლის უზენაესობა არის ძალზედ მნიშვნელოვანი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობისთვის. დამოუკიდებლობაში იგულისხმება ის, რომ კომპოზიცია იუსტიციის საბჭოსი უნდა იყოს დაფუძნებული მოსამართლეთა თვითმმართველობაზე. შესაბამისად, ამ საკითხების ირგვლივ კომენტირებისას პოლიტიკოსებმა ჯობია თავი შევიკავოთ[…]

მე არ მგონია, რომ ეს სწორი შენიშვნაა, ამ შემთხვევაში პოლიტიკური მდგენელი ასეთ განცხადებებში საკმაოდ დიდი იყო […] არ მგონია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. სიჩქარეზე როცა გვაქვს საუბარი, უმჯობესია, იმავდროულად, ხარისხზეც ვისაუბროთ. იქნებ, ჩქარა სწორი გადაწყვეტილებაც არის მიღებული ან უსწორო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული საუბრისას, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ თვითონ არჩევანის ავკარგიანობაზე. ეს თავიდან ბოლომდე გახლავთ სასამართლო ხელისუფლების აბსოლუტურად ექსკლუზიური კომპეტენცია“, —  განაცხადა სარჯველაძემ.

გუშინ, 2 ნოემბერს, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა გააკრიტიკეს 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  მოსამართლეთა კონფერენციის მიერ  ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, ეს დანიშვნები მოხდა ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს; როდესაც მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა. ამ თანამდებობებზე აქამდე მომუშავე ორმა ქალმა თავიანთი თანამდებობები მოულოდნელად, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვა. დანიშვნებამდე კანდიდატების გამოცხადება არ მომხდარა.

მისი თქმით, „დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად“.

აშშ-ის საელჩოს შეფასებითაც,  31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.

საელჩოს შეფასებით, პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი