ახალი ამბები

48-მილიონიანი ყალბი დღგ-ს საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

3 ნოემბერი, 2021 • 1088
48-მილიონიანი ყალბი დღგ-ს საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

უწყების თანახმად, პირს ასევე ედავებიან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების მცდელობასა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივ დაზიანებას.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, გაწერა 48 133 232 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელა სამშენებლო მასალების მიწოდება…”, — ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ბრალდებულმა ამ გზით მისსავე კომპანიებს შეუქმნა, ჯამში, 6 697 835 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რის შემდეგაც ერთ-ერთი კომპანიის სახელით მოითხოვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული, ფიქციურად შექმნილი ზედმეტობიდან თანხის ნაწილის – 804 381 ლარის უკან დაბრუნება.

განცხადების მიხედვით, ხსენებულმა პირმა ყალბი აქტივიდან მხოლოდ 89 564 ლარის გამოყენება შეძლო კომპანიების მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საგამოძიებო სამსახური არ ასახელებს, რომელ კომპანიას ეხება საქმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი