ახალი ამბები

Google-მა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიში და YouTube არხი დაბლოკა

3 ნოემბერი, 2021 •
Google-მა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიში და YouTube არხი დაბლოკა

Google-მა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური ანგარიში და მასთან დაკავშირებული YouTube არხი დაბლოკა. გამოცემა Meduza-ს მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო სანქციებია, რომლებიც ბელარუსის ოფიციალურ პირებსა და რიგ ორგანიზაციებს დაუწესდათ.

“Google-ის ანგარიში გათიშულია ჩვენი ექსპორტის შეზღუდვისა და საერთაშორისო სანქციების შესაბამისად. ის ვეღარ აღდგება”, — აღნიშნულია Google-ის შეტყობინებაში, ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, BelTA-ს თანახმად.

რაც შეეხება საგამოძიებო კომიტეტის არხს YouTube-ზე, მისი დაბლოკვის შემდგომ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ანგარიშის მოქმედება შეჩერებულია ვიდეოპორტალის სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევის გამო. კომიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ არხს 23 000 გამომწერი ჰყავდა.

ბელარუსისადმი საერთაშორისო სანქციებს წინ უძღოდა 2020 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ქვეყნის ცესკომ გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოაცხადა. ეს უკანასკნელი 27 წელია, ბელარუსს მართავს.

ოპოზიციამ შედეგებს უნდობლობა გამოაცხადა, მინსკი და სხვა ქალაქები კი მასშტაბურმა, უპრეცედენტო პროტესტმა მოიცვა ლუკაშენკოს გადადგომის, ასევე, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.

პროტესტს სახელმწიფომ ძალადობრივად უპასუხა. ადგილობრივი უფლებადამცველების ცნობით, ქვეყანაში 800-ზე მეტი პოლიტპატიმარია. ხელისუფლებამ ათეულობით არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია დახურა.

ბელარუსს სანქციები არაერთგზის დაუწესეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და სხვებმა. უკანასკნელად ეს მოხდა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ბელარუსის ანტისამთავრობო პროტესტის დაწყებიდან 1 წლისთავზე.

სანქცირებულ უწყებათა შორისაა ზემოხსენებული საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც ლუკაშენკოს ხელისუფლების ოპონენტების დევნას ედავებიან.

ამავე თემაზე გირჩევთ:

„ვიცი, რომ სიბნელეს მოჰყვება სინათლე“ — 3 ბელარუსელი აქტივისტის ამბავი

მასალების გადაბეჭდვის წესი