ახალი ამბები

“30-ში საარჩევნო რევოლუცია მოხდა, წინ პოსტსაარჩევნო რევოლუციაა” — სააკაშვილი

2 ნოემბერი, 2021 • 1418
“30-ში საარჩევნო რევოლუცია მოხდა, წინ პოსტსაარჩევნო რევოლუციაა” — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმაურება.

“30-ში საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა — ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა. ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!” — ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პირველ ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მორიგი წერილს გაავრცელა და ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის დატოვება ურჩია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურები ოქტომბერში გაიმართა. მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციამ მხოლოდ წალენჯიხაში შეძლო მერის არჩევნების მოგება, დანარჩენი ქალაქები კი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს. რაც შეეხება საკრებულოს, ქვეყნის მასშტაბით “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა 7 საკრებულოში დაკარგა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები სხვადასხვა მეთოდით გაყალბდა, არ აღიარებს მის შედეგებს და აქციებს აანონსებს.

“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი