ახალი ამბები

სააკაშვილი მანდატების დატოვებაზე იმავეს ფიქრობს, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს 2 დეტალს — ხერხეულიძე

2 ნოემბერი, 2021 • 1221
სააკაშვილი მანდატების დატოვებაზე იმავეს ფიქრობს, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს 2 დეტალს — ხერხეულიძე

ოპოზიციის საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ისეთივეა, როგორიც გუშინ, თუმცა ის ყურადღებას ამახვილებს ორ დეტალზე — აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

სააკაშვილმა პირველ ნოემბერს გაავრცელა წერილი, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა, დასძინა რა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციას “ხელიდან გამოგლიჯა” არჩევნებში გამარჯვება.

“პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით ის იგივენაირად ფიქრობს, რომ მისი გუშინდელი გადაწყვეტილება გახლდათ სწორი [და] მისმა ფრაქციამ, ენმ-ის ფრაქციამ, მორალურადაც და სამართლიანადაც, კარგი იქნება, დატოვოს პარლამენტი, თუმცა ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს”, — დასძინა ეკა ხერხეულიძემ 2 ნოემბერს, რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

ენმ-ის წევრის თქმით, სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა დეპუტატის მანდატის მნიშვნელობაზე მასთან ვიზიტებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში.

“ის, რომ მე დღეს მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, ეს არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ მე მაქვს საქართველოს პარლამენტის და დეპუტატის მანდატი.

ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის ხედავს ძალიან დიდ რისკს ამაში. თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება კომუნიკაციის გზა.

ასევე მეორე, საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით. ეს არის — პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ — ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს ჩასატარებელი გვაქვს…”, — დასძინა ხერხეულიძემ.

საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილებები მე-9 მოწვევის პარლამენტმა უნდა განიხილოს.

პირველ ნოემბერს აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა ხათუნა სამნიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ემხრობა მანდატის დატოვებას სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი