ახალი ამბები

სამნიძე სააკაშვილის მოწოდებას პარლამენტის დატოვებაზე არ ეთანხმება

1 ნოემბერი, 2021 • 1376
სამნიძე სააკაშვილის მოწოდებას პარლამენტის დატოვებაზე არ ეთანხმება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ხათუნა სამნიძე არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციონერი დეპუტატებისადმი პარლამენტის დატოვების შესახებ და აცხადებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებები აქვს მისაღები.

სამნიძის თქმით, თუ შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციულით არ შეიცვლება და ბარიერიც არ შემცირდება, „ქართულ ოცნებას“ ისევ უმრავლესობა ექნება 30 მაჟორიტარი დეპუტატის წყალობით:

„მე კი გირჩევთ გაიხსენოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, აი, სრულად პროპორციული სისტემა და დაბალი ბარიერი (რაც არ უნდა არ აიტერესებდეს ენმ-ს) რომ უნდა დადოს, ხვალვე რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები, იგივენაირად გაგვისწორდება “ოცნება” 120/30-ზე სისტემით. 30 მაჟორიტარით ისევ უმრავლესობა ექნება. ეს რომ არ მოხდეს, პარლამენტში 2 კენჭისყრაა საჭირო. სულ რომ ყველა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადოთ, ამ კენჭისყრაზე დარბაზში ყოფნის პირობა აქვს დადებული ყველა ოპოზიციონერს“, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

მისი თქმით, ბოლო დღეს გახმიანებული განცხადებები ნიშნავს ერთპარტიულობას და არა კოალიციას:

„არა პრიპორციულს ანუ არა არჩევნებს, სინამდვილეში, ნიშნავს – არა კოალიციას! არა არჩევნებს, რაც ბოლო დღეებია ისმის, ნიშნავს – დიახ, არა კოალიციას და კი, ერთპარტიულობას ისევ. რა გზით, გასაგებია, თუ დაფიქრდებით. ამიტომ ვიყოთ თანმიმდევრული, და თუ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და კოალიციური მმართველობა, მივიღოთ პროპორციული სისტემა დაბალი ბარიერით! ამით დასტურდება ყველა პარტიის განზრახვა, რა მომავალი უნდა სინამდვილეში. დიახ, სწორად დაგეგმილი პროტესტი და გათვლილი, რაციონალური ნაბიჯები გვჭირდება, და არა ბიძინას გასახარად ისევ გულზე მჯიღი!
ჩემი რჩევა იქნება, რის მიღწევასაც ვცდილობთ, იმას ერთი დიდი პრობლემა წინ არ დავახვედროთ – იგივე სისტემა მაჟორიტარებით“, – წერს სამნიძე პირად „ფეისბუკ“ გვერდზე.

დღეს, 1 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩევს, პარლამენტის დატოვოს.

სააკაშვილის წერილი რუსთავის ციხიდან მისმა ადვოკატებმა გამოიტანეს. წერილში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხელიდან გამოგლიჯა ოპოზიციას მოპოვებული გამარჯვება.

გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული მოდელით, 5%-იანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი ბარიერის დაწევას ითხოვს. ამას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმებაც ითვალისწინებს. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ 28 ივლისს განაცხადა, რომ შეთანხმებას ტოვებდა.

აღნიშნულის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლისთვის 5%-იანი ბარიერის დაწევას პრინციპულად ეთანხმებიან, თუმცა, რამდენპროცენტიანი ბარიერით ჩატარდება, არ დაუკონკრეტებია.

სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი