„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების განცხადებები მინიშნებებია იმაზე, რომ მისი შიმშილი, სინამდვილეში, „იმიტირებულია“.
კობახიძის თქმით, ასეთი მინიშნება იყო მამუკა მდინარაძის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ მოშიმშილე ადამიანი 40 დღე ძლებს და 41-ე დღეს ელოდებიან.
„თუ ერთი თვეა ადამიანი შიმშილობს, ეს არის მისი უფლება, ჩვენ არაფერ შუაში ვართ ამასთან. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი დავიცვათ და იყოს შეთავაზებული შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რასაც ხელისუფლება აკეთებს.
აქ არის მინიშნებები და მეც გავაკეთე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შიმშილობა, სინამდვილეში, არის იმიტირებული. იუსტიციის სამინისტრომაც გააკეთა შესაბამისი გადაწყვეტილება და მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას თავის დროზე. ცნობილია ისიც, რომ კონკრეტული სამედიცინო პროცედურები ჩატარდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ ლიმონათი უყვარს. ჩვენ გვიხარია, რომ მის ჯანმრთელობას, რეალურად, არ ექმნება საფრთხე.
ეს საკითხი არ არის საერთოდ საინტერესო, ერთ-ერთი პატიმარი შიმშილობს. ერთ-ერთი პატიმარი არის სააკაშვილი, რომელიც სხვებზე ბევრად მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდადებული, შესაბამისად, ის არის ერთ-ერთი პატიმარი. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვით მოეპყროს ასეთ პატიმარს“, — განაცხადა კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილი 33-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება. მხარდამჭერთა და პარტიის წევრთა ნაწილი სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს, რათა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. მათ შორის არის პარტიის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაც.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა:
„ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი და 41-ე დღეს ველოდებით და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი, დარწმუნებული ვარ. მერე სალაპარაკო აღარ გვექნება მე და თქვენ და რამდენიმე ტელევიზიას“, – განაცხადა მდინარაძემ.
