ახალი ამბები

ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს — სააკაშვილი

2 ნოემბერი, 2021 • 2361
ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს — სააკაშვილი

საპატიმროში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხალხს აქციებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მისი ციხიდან დახსნის პირობებში “მაქსიმუმ 10 დღეში” მიაღწევს რიგგარეშე არჩევნებს. სააკაშვილის ეს განცხადება მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა დღეს, 2 ნოემბერს წაიკითხა მასთან ვიზიტის შემდეგ.

“ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ, რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო. მერე როცა მოიგეს, უბრალოდ, გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ, რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო. არადა, ერთადერთი, ივანიშვილს და მის ბანდას, სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნობის და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ.

არ არსებობს მსოფლიოში დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია და ეს დიქტატორი განსაკუთრებით სუსტია იმიტომ, რომ ძირითადი ფული დასავლეთის ბანკებში აქვს. დასავლეთმა აბსოლუტურად ზუსტად დააფიქსირა დარღვევები და ახლა, მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში”, – ნათქვამია წერილში.

სააკაშვილი საკუთარ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ამჯერად ბრძოლა ქუჩაში უნდა გაგრძელდეს, ისეთი ლიდერების მეთაურობით, როგორიც ნიკა მელიაა:

“გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე, რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის, ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერები.

ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე”, – წერს სააკაშვილი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურები ოქტომბერში გაიმართა. მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციამ მხოლოდ წალენჯიხაში შეძლო მერის არჩევნების მოგება, დანარჩენი ქალაქები კი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს. რაც შეეხება საკრებულოს, ქვეყნის მასშტაბით “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა 7 საკრებულოში დაკარგა.

ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე “ქართულმა ოცნებამ”, თუმცა ერთპიროვნული უმრავლესობა არც ყველაზე კარგი შედეგის მქონე ოპოზიციურ პარტიას — “ნაციონალურ მოძრაობას” მოუპოვებია. შედეგად, სხვადასხვა გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად, პარტიებს ურთიერთთანამშრომლობა დასჭირდებათ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები სხვადასხვა მეთოდით გაყალბდა, არ აღიარებს მის შედეგებს და აქციებს აანონსებს.

ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:

7 საკრებულო, რომელიც ოპოზიციურია

მასალების გადაბეჭდვის წესი