ახალი ამბები

მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება კლდიაშვილის დაკავების თაობაზე – IDFI

2 ნოემბერი, 2021 • 1236
მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება კლდიაშვილის დაკავების თაობაზე – IDFI

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”(IDFI) შსს-ს მოუწოდებს, განმარტება გაავრცელოს ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატის დაკავების თაობაზე.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი იმედა კლდიაშვილი ქუთაისში, სუსის შენობასთან, პირველი ნოემბრის ღამით დააკავეს.

“[კადრების თანახმად] დაკავების მომენტში პოლიტიკოსი იმყოფება ავტომობილში და კონტაქტი არ აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან.

დაკავებამდე, სამართალდამცავები ძალის გამოყენებით აღებენ ავტომობილის კარს და მოუწოდებენ იმედა კლდიაშვილს დამორჩილებისკენ.

კადრებიდან არ ირკვევა, რა იყო პოლიციის მოთხოვნა, რასაც პოლიტიკოსი უნდა დამორჩილებოდა. ამ დრომდე უცნობია იმედა კლდიაშვილის თავისუფლების აღკვეთის მიზეზები.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს სათანადო განმარტება იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე”, — აღნიშნავს IDFI.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განაცხადეს, იმედა კლდიაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

კლდიაშვილის დაკავებას წინ უძღოდა მისი პროტესტი. ვიცე-მერობის კანდიდატის თქმით, ის აპროტესტებდა სუსის მხრიდან ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრ იზა ჩირგაძეზე ზეწოლას.

დაუმორჩილებლობის გამოსახატად იმედა კლდიაშვილმა პირველი ნოემბრის ღამით ქუთაისის სუს-თან მანქანა დააყენა და შენობის შესასვლელი ჩახერგა.

რაც შეეხება იზა ჩირგაძეს, ის ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იყო “ქართული ოცნების” კვოტით. პირველ ნოემბერს ჩირგაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მას მმართველი პარტია ხმების გაყალბებას აიძულებდა.

როგორც კომისიის წევრი აღწერს, გაყალბების სქემა შემდეგნაირი იყო: უბანზე უნდა შემოსულიყო პირი სხვა ადამიანის პირადობით და სხვის ნაცვლად უნდა მიეცა ხმა.

“ცესკოს” წინასწარი მონაცემებით, უბნების 100%-ის დათვლის შემდეგ, ქუთაისის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა გაიმარჯვა. ის 2 222 ხმით უსწრებს(3.312%) ენმ-ის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს.

ოპოზიცია ქუთაისსა და სხვა ქალაქებში არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, გაყალბებაზე საუბრობს და აქციებს აანონსებს.

ქუთაისში, სუს-ის შენობასთან, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი დააკავეს [VIDEO]

მასალების გადაბეჭდვის წესი