ახალი ამბები

ვისურვებდი, რომ ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება – დეკანოიძე ენმ-ის მანდატების საკითხზე

1 ნოემბერი, 2021 • 1134
ვისურვებდი, რომ ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება – დეკანოიძე ენმ-ის მანდატების საკითხზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ ისურვებდა, საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხი ერთობლივი გადაწყვეტილება ყოფილიყო და არა – ინდივიდუალური.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, რომლითაც მან პარტიის წევრებს მოუწოდა, საპარლამენტო მანდატები დაეტოვებინათ. ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს დეპუტატებმა ნონა მამულაშვილმა და ანი წითლიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის იმსჯელებს ენმ სააკაშვილის ამ მოწოდებაზე, დეკანოიძე პასუხობს:

„მე სრულად ვიზიარებ სულისკვეთებას ამ წერილის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად პარტიამ გამოაცხადოს ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს ის და ამატებს, რომ ამ დრომდე მას არ ჰქონდა საშუალება, თანაგუნდელებთან ემსჯელა.

„მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვართ პარტია და ჩვენი პარტია მოქმედებს გუნდურად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობა. ინდივიდუალურად ვერავის დავუშლი გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მე, როგორც გითხარით, სულისკვეთებას ვიზიარებ, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა მეტი გვაქვს და ეს იქნება“, – ამბობს ის „ტვ პირველის“ ეთერში და ამატებს, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურად ასეთი განცხადება გაავრცელოს პარტიამ, ფრაქციამ და „ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ეკუთვნის პარტიას“.

„ინდივიდუალური გადაწყვეტილებები უმჯობესია თავიდან ავიცილოთ, მაგრამ, ზოგადად, ვფიქრობ, რომ მსჯელობის საგანი უნდა იყოს“, – ამატებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი