ახალი ამბები

შესაძლოა, თბილისიდან 1 მილიონი კვ.მ. მიწა გარდაბანს გადაეცეს

1 ნოემბერი, 2021 • 5829
შესაძლოა, თბილისიდან 1 მილიონი კვ.მ. მიწა გარდაბანს გადაეცეს

თბილისსა და გარდაბანს შორის ადმინისტრაციული საზღვრები იცვლება. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, თბილისის კუთვნილი 1 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გარდაბანს უნდა გადაეცეს.

ინჯიას ინფორმაციით, გარდაბნისთვის მიწის გადაცემას უცხოელი ინვესტორი ითხოვს, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია 2006 წელს შეიძინა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ინვესტორის კომპანიას ყადაღა ადევს. დეპუტატი ბიუროს სხდომაზე დაინტერესდა, თბილისის მიწის გადაცემით ხომ არ დაკარგავს შემოსავლებს.

„როგორ არის იქ, გარდაბანში და აქ [თბილისში] არასასოფლო-სამეურნეო მიწის დაბეგვრა? რამდენად სამართლიანი იქნება ეს გადაწყვეტილება?“, — იკითხა ინჯიამ.

ინჯიას უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა და განუმარტა, რომ ეს კომპანია გოლფ კლუბს აკეთებს, რომელსაც მიწის ყიდვისას ინვესტიცია გარდაბანში ჰქონდა გათვლილი და მიწის ნაწილი თბილისში მოხვდა.

„ეს არის გოლფ კლუბი შავნაბადის მთის ფერდზე. მთავრობასთან მემორანდუმი იყო დადებული და გათვლები ჰქონდა გაკეთებული, რომ ეს ინვესტიცია გარდაბანში გაეკეთებინა. უბრალოდ, თბილისის მიწების ნაწილი მოხვდა იქ. საკითხი მხოლოდ ამას არ ეხება, ეს ეხება მთლიანად საზღვრების გავლებას, ზოგადად, თბილისსა და სხვა მომიჯნავე რაიონებს შორის, მაგრამ ეს მომენტიც იყო. ახლა გამოდის, რომ ინვესტორს მიწის უდიდესი ნაწილი გარდაბნის რაიონში აქვს, ნაწილი აქვს თბილისში და უბრალოდ, ადმინისტრირება და მენეჯმენტი გაუჭირდა. წლებია, ეს კომპანია ამას ითხოვს“, — განაცხადა ბექა დავითულიანმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროზე აღნიშნა, საკითხი კომიტეტს გადაეცა, სადაც მისი განხილვა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი