ახალი ამბები

არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია — კობახიძე

31 ოქტომბერი, 2021 • 893
არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 31 ოქტომბერს შეაჯამა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოიპოვა მყარი ლეგიტიმაცია.

„ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად“ — თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ „ოცნება“ შემდეგ წლებში გაითვალისწინებს ამომრჩევლების პრეტენზიებს.

კობახიძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში და მმართველმა პარტიამ, პრაქტიკულად, გაიმეორა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი.

„ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43-პროცენტიან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო; გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ. ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ სწორედ ეს შევძელით – დღეს „ქართული ოცნება“ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“ — აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ოცნებას“ დამატებითი სირთულეები შეუქმნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილმა კრიზისმა, თუმცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მათ ეს „წარმატებით დაძლიეს“.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, მათ შორის, პოლიციას, საარჩევნო ადმინისტრაციასა და თავისი გუნდის წევრებს არჩევნების გამართულად ჩატარებისა და წარმატებისთვის.

ადგილობრივი თვითმმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ 64 მუნიციპალიტეტისა და ქალაქიდან 63-ში გაიმარჯვა. მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში, წალენჯიხაში, მერი გახდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მოქმედების გეგმას დღეს, 31 ოქტომბერს, 19 საათზე გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი