ახალი ამბები

სისტემა პირისპირ შეეჩეხა მთისპირა კოლხ ადამიანს – წალენჯიხის არჩეული მერი

31 ოქტომბერი, 2021 • 1856
სისტემა პირისპირ შეეჩეხა მთისპირა კოლხ ადამიანს – წალენჯიხის არჩეული მერი

წალენჯიხის არჩეული მერი გიორგი ხარჩილავა ამბობს, რომ მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან დაშინების და მოსყიდვის მცდელობისა, წალენჯიხაში მოქალაქეებმა მაინც გამოავლინეს მაღალი პოლიტიკური კულტურა.

ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და შესაბამისად, წალენჯიხის მერი გახდება.

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ არამხოლოდ მერის პოზიცია, არამედ საკრებულოც წალენჯიხაში, ძირითადად, ოპოზიციური წევრებითაა დაკომპლექტებული. თუმცა, მისი თქმით, არჩევნების დღე რთული იყო.

გამარჯვება სახეზეა როგორც წალენჯიხის მერის პოზიციაზე, ასევე ოპოზიციურ საკრებულოს მიმართებაში, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა დაკომპლექტებულია ოპოზიციური უმრავლესობით.

„წინასაარჩევნოდ წალენჯიხა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი სამიზნე იყო, რათა ყველა მეთოდით გაემარჯვათ. წალენჯიხას აქვს იდეოლოგიური დატვირთვა, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთ ფორპოსტს, ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრის სავანე და ისტორიული წარსული ვარდების რევოლუციასთან.

ამიტომ, ხელისუფლებამ სრული კარტ ბლანში მისცა ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებს და ისინი ამომრჩევლის ნებას ყველა შესაძლებლობებით დაუპირისპირდნენ. აქ იყო შანტაჟი მუქარა, ოპოზიციურ კანდიდატებს ძალით მოახსნევინეს თავი, მუშაობდა ფული, როგორც მოსყიდვის იარაღი და ნარკოტიკები, როგორც ზემოქმედების იარაღი,“ —ნამბობს ის.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ „მთელი თავისი საცეცებით ოლიგარქია ამუშავდა წალენჯიხაში“ და შესაბამისად, მოქალაქეთა ნაწილი ვერ მოვიდა არჩევნებზე ან ვერ გამოხატა თავისი ნება. თუმცა, მიუხედავად ამისა, წალენჯიხაში მცხოვრებელთა დიდმა ნაწილმა მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა, საკუთარი ხედვები და ნება გააზრებულად დაუპირისპირა ამ სისტემას:

„სისტემამ გადააჭარბა, გადააჭარბა იმ ძალადობაშიც, იმ რეპრესიებშიც და პირისპირ შეეჩეხა თავმოყვარე მთისპირა კოლხ ადამიანს, რომლის სამოქალაქო ღირსება უფრო მაღლა დადგა, ვიდრე აგრესიის ხარისხი,“ — ამატებს ხარჩილავა.


წალენჯიხა ერთადედერთი ქალაქია, სადაც არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატი იმარჯვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დათვლილია უბნების 100%. ამ შედეგებით, ხარჩილავას ხმათა 51.107% აქვს, მის კონკურენტს “ქართული ოცნებიდან”, გოჩა გულორდავას კი — 48.893%.

წალენჯიხაში “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა — “ცესკოს” წინასწარი შედეგები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი