ახალი ამბები

მჯერა, ამ არჩევნებით დავასრულებთ დესტრუქციას პოლიტიკაში — კალაძე

31 ოქტომბერი, 2021 • 737
მჯერა, ამ არჩევნებით დავასრულებთ დესტრუქციას პოლიტიკაში — კალაძე

თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე ცესკოს პირველადი მონაცემების სრულა გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

„მინდა მივმართო ჩემს თბილისელებს: ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს ასეა, ასე იყო და რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება.

მჯერა, ამ არჩევნებით ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ქონდეს ამაში დასაკარგი დრო,“ — განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისში დათვლილია ყველა, 769-ვე უბანი. წინასწარი შედეგების მიხედვით, მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა კალაძემ მიიღო 55.603%, ოპოზიციონერმა ნიკა მელიამ — 44.397%.

რაც შეეხება ოპოზიციას, ის ამბობს, რომ შედეგებს არ აღიარებს და დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი