საზოგადოება

კალაძემ მელიას 52 ათასი ხმით გაუსწრო — ცესკოს წინასწარი მონაცემები

31 ოქტომბერი, 2021 • 759
კალაძემ მელიას 52 ათასი ხმით გაუსწრო — ცესკოს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისში დათვლილია ყველა, 769-ვე უბანი. წინასწარი შედეგების მიხედვით, მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა კალაძემ მიიღო 55.603%, ოპოზიციონერმა ნიკა მელიამ — 44.397%.

30 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მიღებული ეს მონაცემები აბსოლუტურ რიცხვებში ასე გამოიყურება:

  • კახა კალაძე — 258 740 ათასი ხმა;
  • ნიკა მელია — 206 598 ათასი ხმა.

ამ მონაცემების მიხედვით, ნიკა მელია კახა კალაძეს 52 142 ხმით ჩამორჩება.

ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ 2 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში 163 489 ხმა მიიღო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მან მეორე ტურისთვის 43 109 ხმით მეტის მობილიზება შეძლო.

რაც შეეხება კახა კალაძეს, მას პირველ ტურში 216 344 ხმა ჰქონდა მიღებული, მეორე ტურისთვის კი 42 396 ხმით მეტი ხმა მოაგროვა.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში გაიმართა და წინასწარი მონაცემებით, ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, გარდა წალენჯიხისა.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ, აქციები დააანონსეს. პირველი აქცია დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება, სადაც ოპოზიცია სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი