ოპოზიციური კოალიცია აცხადებს, რომ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და საარჩევნო კომისიის წევრებს მოუწოდებს, არ ჩაერთონ გაყალბებაში.
“ნუ გახდებით თანამონაწილე ხელისუფლების მცდელობისა, გააყალბოს არჩევნები და ჩაიდინოს დანაშაული”, — მიმართა მათ ირაკლი აბესაძემ.
“ჩვენ არ გვინდა არავისზე გამარჯვება, ჩვენ არ გვიდნა არავის დამარცხება, მით უმეტეს, იმ ხალხის, ვინც ამ სისტემის იძულებით მსახურებაში იყო. ჩვენ გვინდა მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, საერთო ეროვნული თანხმობა, შერიგება და მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის წინსვლა. სიმშვიდით მივიყვანოთ სამართლიანად ბოლომდე ეს პროცესი და შერიგების და ურთიერთპატივისცემის გზით გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება”, — განაცხადა, თავის მხრივ, ელენე ხოშტარიამ.
თბილისის ვიცე-მერობის ოპოზიციური კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ახლა მთავარი ამოცანა ხმების დაცვაა.
“იმის გათვალისწინებით, როგორც ტარდება არჩევნები — შანტაჟის, დაშინების, სუს-ის მუშაობის, შსს-ს მუშაობის, მასობრივი მოსყიდვის — როცა “იმედის” ეგზიტპოლი წერს იმ რიცხვებს, რასაც წერს, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში საბოლოოდ გაიმარჯვა თავისუფლებამ. ეს არჩევნები კოალიციას აქვს მოგებული. ბოლო წლებია, მე პირადად ველოდებოდი ამ დღეს, რომ ამ ქვეყნის მოქალქეებს ხმამაღლა ეთქვათ, რომ ეს ქვეყანა არ არის მონების ქვეყანა, რომელსაც შეიძლება თავზე მოაჯდე და აკეთო ის, რაც გინდა. დღეს დავინახე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ეს პასუხი გასცეს ყველას. ჩვენ გვჭირდებოდა ამის დამტკიცება ჩვენი საკუთარი თავისთვისაც. ამ ქვეყანაში არ გამოვა ისეთი ტიპის მმართველობა, რომელიც ბოლო წლებია. ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი ხალხის ქვეყანა, ეს პასუხი გასცეს დღეს მოქალაქეებმა, პირველ რიგში, ივანიშვილს”, — განაცხადა ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძემ მიმართა საარჩევნო კომისიის წევრებს „ოცნებიდან“:
“თქვენ ხართ ამ ქვეყნის შვილები, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, რომ ხმები იქნას გაყალბებული, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის გაყალბებული მომავალი. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად იყავით ყურადღებით. მოვუწოდებთ ჩვენს დამკვირვებლებს, ახლა გავალთ უბნებზე, ყველას მოვუწოდებთ, რომ არანაირი პროვოკაცია არ უნდა იქნას ჩავლილი, ყველა ის უბანი, რომელსაც შეეცდებიან, რომ გააყალბონ, უნდა იქნას სასწრაფო წესით აღკვეთილი. ნებისმიერ ადგილას გავჩნდებით, სადაც საჭიროა”, — თქვა მან.
ოპოზიციის ინფორმაციით, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი, სადაც ხმები ელექტრონულად დაითვალეს, ოპოზიციამ გაიმარჯვა.