ახალი ამბები

ინციდენტები საარჩევნო უბნებთან და პოლიციის რეაგირება — რას ამბობს შსს

30 ოქტომბერი, 2021 • 923
ინციდენტები საარჩევნო უბნებთან და პოლიციის რეაგირება — რას ამბობს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საარჩევნო უბნებთან დაფიქსირებული ინციდენტებისა და პოლიციის მიერ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების თანახმად, საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილი ძალადობის მუხლით იძიებენ ისანში, 62-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ნიკა მელიას თავში ხელი დაარტყეს.

აღნიშნულ უბანზე დაძაბულობა ელექტროენერგიის გამორთვის ფაქტს მოჰყვა. ოპოზიცია ამბობდა, რომ შუქი განგებ გათიშეს, “ქართული ოცნება” კი მოკლე ჩართვაზე საუბრობდა.

“[ადგილზე] შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი – ნიკანორ მელია მხარდამჭერებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

“საარჩევნო უბანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება”, — დასძენს შსს.

შსს ძალადობის მუხლით იძიებს თბილისში მომხდარ კიდევ 2 ინციდენტს. პირველ შემთხვევაში, საუბარია დიდი დიღმის N40 საარჩევნო უბანში განვითარებულ პროცესებზე, რომელთა შესახებაც შსს-ს ენმ-ის დამკვირვებელმა აცნობა.

“დამკვირვებლების გადმოცემით, ისინი საარჩევნო უბნის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი მკვიდრის კუთვნილ ავტოფარეხში მსხდომი პირების ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ, რა დროსაც დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

ერთ-ერთი დამკვირვებლის განმარტებით, მან დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანებები და დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. დამკვირვებლები ამ ეტაპზე უარს აცხადებენ პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გამოცხადებაზე”, — აღნიშნულია განცხადებაში.

მეორე შემთხვევაში, გამოძიებით დადგინდა,  რომ “სკვერში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი”.

“მოქალაქის განმარტებით, მას აგიტატორის კუთვნილი სიები ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც რამდენიმე ახალგაზრდამ აღნიშნულ მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”, — აღიშნავს უწყება.

პოლიცია იძიებს ქარელის N2 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტსაც, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია “მონიტორინგის“ ჟურნალისტს.

პირი დაკავებულია, გამოძიება კი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და კენჭისყრის შენობაში ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. ენმ ამბობს, რომ ემიჯნება მომხდარს, ხსენებული პირი კი პარტიიდან გარიცხა.

შსს-ს თანახმად, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე იძიებენ ფოთის მე-12 უბანში მომხდარ ინციდენტს, როცა “ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ატრიბუტი, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნდა. ჟურნალისტის გადმოცემით, აღნიშნული დაპირისპირებისას მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო”.

კიდევ ერთი ინციდენტი, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის გადმოცემით, სენაკში მოხდა.

“კანდიდატის განმარტებით, მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირვლი ნაწილით მიმდინარეობს”, — ამბობს უწყება.

შსს-ს თქმით, სენაკის შემთხვევაში მეორე გამოძიებაც წარმოებს “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე.

ჟურნალისტების მიერ შსს-სთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება გონიოში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ მომხდარ ინციდენტზე.

“[მოწოდებული ინფორმაციით] ირკვევა, რომ ტელეკომპანიების — “მთავარისა” და “ფორმულას” — ჟურნალისტებთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა ტელეკომპანია “ფორმულას” კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს”, — ამბობს შსს და დასძენს, რომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

განცხადებაში საუბარია ზუგდიდზეც. N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიებაა დაწყებული სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

“გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ზუგდიდსა და რუსთავში ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 6 პირი დააკავა.

აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით.

ზუგდიდში ადმინისტრაციული საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით მიმდინარეობს, ხოლო რუსთავში – ამავე კოდექსის 173-ე მუხლით.

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამრღვევის ჩამდენი პირები არიან როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები”, — ვკითხულობთ პრესრელიზში.

შსს-ს თანახმად, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ამ ეტაპისთვის, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 18 შემთხვევაზე განხორციელდა რეაგირება.

“იქ, სადაც გამოიკვეთა კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციის მიერ მიეცათ გაფრთხილება. აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები.

გამოვლენილ ინციდენტებზე ტარდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, — ამბობს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი