ახალი ამბები

ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 97 საჩივარია შესული

30 ოქტომბერი, 2021 • 1146
ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 97 საჩივარია შესული

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 97 საჩივარი. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა 18 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკოს ცნობით, მათ შორის 40 წარდგენილია დამკვირვებლების მიერა, ხოლო 57- საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომელთა უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი. კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ განცხადება/საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში ის განუხილველი დარჩება“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის – მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

17 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 39.5% -ია, რაც 825 129 ამომრჩეველს შეადგენს

მასალების გადაბეჭდვის წესი