ახალი ამბები

„20/20-ის“ დამკვირვებლის თანახმად, რუსთავის 70-ე უბანზე მას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

30 ოქტომბერი, 2021 • 834
„20/20-ის“ დამკვირვებლის თანახმად, რუსთავის 70-ე უბანზე მას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ დამკვირვებლის განცხადებით, რუსთავის 70-ე უბნის ტერიტორიაზე, იმ შენობის ეზოში, სადაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

„ხუთი აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდა დამემუქრა. მითხრეს, რომ თუ არ შევწყვეტდი ჩემს საქმიანობას, ვინანებდი და ვნახავდი, თუ რაც მოხდებოდა. მათ მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი პოლიციელების თვალწინ დატოვეს ტერიტორია. ამ ეტაპზე ისინი არ არიან არც დაკავებულები და არც იდენტიფიცირებულები. მე მაქვს მათი ავტომობილის ნომრები და, წესით, პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს მათი იდენტიფიცირება“, – განუცხადა გიორგი ფხალაძემ ნეტგაზეთს.

ნეტგაზეთმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

დღეს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური იმართება.

რუსთავში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირკიტაძე უპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი