ახალი ამბები

ხმაურს და დაპირისპირებებს იწვევენ ენმ-ის აქტივისტები და დამკვირვებლები – ჩიქოვანი

30 ოქტომბერი, 2021 • 948
ხმაურს და დაპირისპირებებს იწვევენ ენმ-ის აქტივისტები და დამკვირვებლები – ჩიქოვანი

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება ენმ-ისა და მასთან დაკავშირებული პირების მიერაა გამოწვეული.

„რეალურად ეს ყველაფერი არის გამოწვეული კონკრეტული პარტიის, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან, მათთან ასოცირებული და პირდაპირ დაკავშირებული ეგრეთ წოდებული არასამთავრებო სადამკვირებლო ორგანიზაციების მხრიდან“, – განაცხადა ჩიქოვანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მე მთელი დღის განმავლობაში დღეს გადავაადგილდებოდი სხვადასხვა უბანზე. პროცესი მართლაც რომ მშვიდობიანად მიმდინარეობს, ამ გამონაკლისების გარდა“, – განაცხადა მან.

მერის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი ზუგდიდშის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმაურის ფონზე დაიწყო. დღის განმავლობაში სავარაუდო დარღვევებზე ოპოზიციის განცხადებებს დაპირისპირებები მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ლიდერის, ანი წითლიძის განცხადებით, დილიდან უბნებზე ენმ-ის დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს შეეზღუდათ სამაგიდო სიების კონტროლი; საჩივრების დაწერის შემდეგ მათ წარმომადგენლებს აძევებენ, პარალელურად კი ,უბნებიდან 100-მეტრიანი დისტანცია დაცული არ არის და არაუფლებამოსილი პირები, სავარაუდოდ, „ოცნების“ კოორდინატორები არიან მობილიზებული.

ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არაერთ უბანზე აპირებს „კარუსელის დატრიალებას“, რასაც „ოცნებაში“  უარყოფენ.


მელია vs წოწერია

ზუგდიდის მერობისთვის იბრძვიან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ანზორ მელია (ნიკა მელიას მამა).

პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 41.15% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კი – 46.88%.

ამასთან, საკრებულოს 45 წევრიდან 44-ის ვინაობა უკვე გარკვეულია. საკრებულოში 22 ადგილი ენმ-ს აქვს, 19- „ქართულ ოცნებას“, 3 კი -გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

საკრებულოს უმრავლესობის ბედი ზუგდიდის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, ანუ სულ 7 უბანზე (კერძოდ, 67-ე, 73-ე, 74-ე, 76-ე, 77-ე, 103-ე და 106-ე უბნებზე) წყდება.

აღნიშნულ ოლქში ენმ-ის კანდიდატ ზვიად ჯღარკავას პირველ ტურში 39.836% ჰქონდა, „ოცნების“ ირაკლი ჯანაშიას კი- 38.95%.

ბრალდებები არჩევნებსის წინ

ზუგდიდში მეორე ტურს წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ენმ-ის აქტიური მხარდამჭერი ყოფილი ძალოვნების უკანონოდ დაკავებისა და მათთვის იარაღის ჩადების შესახებ.

30 ოქტომბერს, შუაღამისას, ენმ-ის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ პარტიის მხარდამჭერს, რომელიც ქვეყანაში სპეციალურად ხმის მისაცემად ჩავიდა, ზუგდიდში პოლიტიკური მოტივით თავს დაესხნენ და სცემეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი