ახალი ამბები

სამეგრელოში ენმ-ის მხარდამჭერი კიდევ ერთ ყოფილი ძალოვანი დააკავეს

29 ოქტომბერი, 2021 • 1809
სამეგრელოში ენმ-ის მხარდამჭერი კიდევ ერთ ყოფილი ძალოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საღამოს სამეგრელოში დააკავეს ამირან ჯანაშია, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

ჯანაშიას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ამირან ჯანაშია 2012 წლამდე ზუგდიდის ციხის უფროსი იყო. როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის პარტიის სასარგებლოდ მუშაობდა ზუგდიდში.

როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს, წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრაზე თქვა, ამირან ჯანაშია ენმ-ის აქტიური მხარდამჭერი იყო, სამეგრელოში ამომრჩეველთა მობილიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და სწორედ ამიტომ გახდა ხელისუფლების სამიზნე.

მელია ამბობ, რომ ჯანაშია აბაშა-სენაკის დამაკავშირებელ გზაზე გააჩერეს და მანქანაში იარაღი ჩაუდეს.

„ცოტა ხნის წინ დააკავეს და ჩვენი ინფორმაციით, იარაღი ჩაუდეს ჩვენს მეგობარსა და თანამებრძოლს, ყოფილ ძალოვანს ამირან ჯანაშიას, რომელიც გვეხმარებოდა სოფელ რუხში. რამდენიმე დღის წინ თვითონ დაწერა პოსტი, რომ ამაზე ინფორმაცია გვქონდა. მაინც ვერ გაგვაჩერებთ!“ — დაწერა ფეისბუკზე ენმ-ის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა წითლიძემ.

რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში მსგავსი ბრალდებით ორი ყოფილი სამართალდამცავი — ლექსო რაფავა და რუსლან შამახია — დააკავეს. ენმ დარწმუნებულია, რომ მათი დაკავების მიზეზი პოლიტიკურად მოტივირებულია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი