ახალი ამბები

როგორ „წაართვეს“ ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში გარანტირებული უმრავლესობა

11 ოქტომბერი, 2021 • 2387
როგორ „წაართვეს“ ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში გარანტირებული უმრავლესობა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადათვლილი შედეგების გაუქმებაზე.

შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა შანსი, პირველივე ტურის შედეგების მიხედვით გარანტირებული უმრავლესობით დაეკომპლექტებინა საკრებულო.

„ნეტგაზეთის“ ამ სტატიაში ნახავთ, როგორ განვითარდა ზუგდიდში მოვლენები: რა მტკიცებულებები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ცესკოში შედეგების გაყალბების ბრალდებებზე და რას პასუხობს ბრალდებებს საოლქო საარჩევნო კომისია.

ზუგდიდის გამონაკლისი

ქვეყნის მასშტაბით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საუკეთესო შედეგები სწორედ ზუგდიდში, 67-ე საარჩევნო ოლქში უჩვენა როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევის პროცესში.

მერობისთვის ბრძოლაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ 41.15% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ანზორ მელიამ კი-46.88%.

ენმ-ის კანდიდატმა „ოცნებას“ კიდევ 2 ქალაქში გადაუსწრო, თუმცა, 1-2%-ით. ზუგდიდი ერთადერთია, სადაც ენმ-ის კანდიდატს 5%-იანი უპირატესობა აქვს.

ამასთან, ზუგდიდის საკრებულო იყო ქვეყანაში ერთადერთი, სადაც პირველი ტურის პირველადი შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარანტირებული უმრავლესობა მოიპოვა.

ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრია, რომელთაგან 20 პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 15 – მაჟორიტარულით. ნაც.მოძრაობამ მმართველ გუნდს სძლია როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ნაწილშიც.

არჩევნების პირველადი შედეგებით, ენმ-ს, ჯამში, 23 წევრი შეჰყავდა საკრებულოში, „ქართულ ოცნებას“ – 18, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ – 3.

მეორე ტურში მხოლოდ ერთი მაჟორიტარული მანდატის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო ჭითაწყარის მაჟორიტარულ ოლქში. თუმცა ვითარება შეიცვალა.

ზუგდიდის მე-11 ოლქის გადათვლა

„ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბერს დაარეგისტრირა საჩივარი, სადაც წერს, რომ ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, 6-დან 4 უბანში, ბიულეტენები ბათილად კანონდარღვევით ჩაითვალა. საუბარია 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე საარჩევნო უბნებზე.

მე-11 ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ მანუჩარ ფიფიას მოპოვებული ჰქონდა, ჯამში, 1182 ხმა, „ქართული ოცნების“ კანდიდატ სოსო გოგოხიას კი – 1180. ენმ მხოლოდ 2 ხმით იგებდა.

7 ოქტომბერს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადათვალა გაბათილებული ბიულეტენები აღნიშნულ 4 უბანზე. შედეგად, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოემატა ერთი ხმა და 1183 გაუხდა, „ქართულ ოცნებას“ კი მოემატა 13 ხმა და გაუხდა 1193.

გადათვლილი შედეგებით, მე-11 მაჟორიტარულ უბანზე გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სოსო გოგოხიამ მოიპოვა 10 ხმის უპირატესობით.

ხმების გადათვლის პროცესი ხმაურიანად მიმდინარეობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, პარლამენტარმა ანი წითლიძემ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ენმ-ს აქცია

შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ახლა ენმ-ს მხოლოდ 22 დეპუტატი ჰყავს. ამდენი ჰყავთ, ჯამში, „ოცნებას“ და გახარიას პარტიას – 19 + 3 დეპუტატი.

საკრებულოს უმრავლესობის ბედს მეორე ტური გადაწყვეტს ზუგდიდის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, ანუ სულ 7 უბანზე (კერძოდ, 67-ე, 73-ე, 74-ე, 76-ე, 77-ე, 103-ე და 106-ე უბნებზე).

აღნიშნულ ოლქში ენმ-ის კანდიდატ ზვიად ჯღარკავას პირველ ტურში 39.836% ჰქონდა, „ოცნების“ ირაკლი ჯანაშიას კი- 38.95%.

საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებისთვის, სხვა კანდიდატებზე მეტი ხმის მოპოვებასთან ერთად, 40%-იანი ზღვრის გადალახვაც არის საჭირო.

საჩივარი და შედეგი

მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ზ უგდიდის სასამართლოში გაასაჩივრა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რის შედეგადაც გამარჯვება „ოცნების“ კანდიდატს დარჩა.

საქმის განხილვა კვირას, 10 ოქტომბერს გაიმართა, თუმცა მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ძალაში დატოვა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება.

ოპოზიციურ პარტიაში ოლქის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ შედეგები ოლქში გაყალბდა, რის გამოც პროკურატურას მიმართეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ანი წითლიძემ „ნეტგაზეთს“ ჩამოუთვალა რამდენიმე არგუმენტი პარტიის პოზიციის ასახსნელად:

წითლიძის არგუმენტები

  • „აღნიშნულ უბნებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უმრავლესობა „ქართული ოცნებიდან“ იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ოლქის მიერ პროფესიული ნიშნით დანიშნულები. როგორ შეიძლებოდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოხაზული 13 ბიულეტენი გაბათილებულიყო ისე, რომ კომისიის ამდენ წევრს პროტესტი არ გამოეხატა“? ამასთან, აღნიშნულ უბნებზე არცერთი საჩივარი და განსხვავებული აზრი არ დაწერილა; ოქმები შედგა, დისბალანსი არ ყოფილა; კომისიების ყველა წევრმა, „ოცნებიდანაც“ და ენმ-დანაც, ხელი მოაწერა“.
  • „არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, თუ რატომ უნდა გაეხსნათ ოქმები. როდესაც ოლქი გადათვლაზე თანხმობას აცხადებს, საჩივარს აუცილებლად უნდა ახლდეს მტკიცებულება, რის გამოა ამა თუ იმ უბნის გადათვლა მოთხოვნილი. ეს მტკიცებულება „ქართულ ოცნებას“ წარდგენილი არ ჰქონდა. ანალოგიური საჩივარი პირადად მე მქონდა ზუგდიდის ყველა უბნის გადათვლაზე პირადად შეტანილი, ასევე, გიორგი გახარიას პარტიას, თუმცა არცერთი დაკმაყოფილებულა“.
  • „ვითხოვეთ, ამოეღოთ ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს დათვლის პროცესი, ყველა ბიულეტენი და იქ პრობლემა არ დაფიქსირებულა. როდესაც ეს მოვითხოვეთ, საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხმა გვიპასუხა, რომ ამ ვიდეოკამერებს ჰქონდა ხარვეზები, მას ჩანაწერები არ ამოუღია და, შესაბამისად, არ ჩათვალა საჭიროდ მათი ყურება“.
  • „გაყალბების ეჭვს მიმყარებს მეორე დღეს, 8 ოქტომბერს მომხდარი: ჩვენი კომისიის წევრი მირანდა გოგოხია შეესწრო, თუ როგორ იმყოფებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ოყუჯავა და კომისიის წევრი ლელა ლაშხია იმ დალუქულ ოთახში, სადაც ბიულეტენები ინახება, და ბიულეტენებში იქექებოდნენ. როდესაც ჩვენმა წარმომადგენელმა ჰკითხა, რატომაა ეს კარი, – რომელიც შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არ შეიძლება გაიხსნას, – ღიაო, მათ უპასუხეს, რომ „თბილისმა დაავალა სამაგიდო სიების ამოღება“. თუმცა, ჩვეულებრივ, პროცედურულად, სამაგიდო სიებს შემაჯამებელი ოქმების დასრულებამდე არავინ ითხოვს.
ანი წითლიძე

„ოლქში შემოხაზეს ბათილი ბიულეტენები“

დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად ანი წითლიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი და პარტიის ვარაუდით, – რასაც ზემოთჩამოთვლილი არგუმენტები ამყარებს, – ოლქში რაღაც ეტაპზე მე-11 ოლქში შემავალი 4 უბნის ბიულეტენები უკანონოდ ამოიღეს და იმ ბათილ ბიულეტენებში, სადაც არ იყო ამომრჩევლის ნება გამოხატული, 41 ნომრები შემოხაზეს.

„ბიულეტენები შემოხაზეს თავიდან ისე, რომ ნება გამოჩენილიყო, როგორც 41 ნომრის შემოხაზვა. თუ თავიდანვე ასეთი ფორმით იყო ის ბიულეტენები, ამას ვინ ჩათვლიდა ბათილად? ოლქში განხილვისას ვნახეთ, რომ იმდენად ცხადად იყო შემოხაზული ამ ბათილ ბიულეტენებში 41, რომ წარმოუდგენელი ამბავია, მეც რომ ვყოფილიყავი კომისიაში, ვერ ვიტყოდი, ბათილია-მეთქი. სადავოც კი არ იყო“, — ამბობს წითლიძე.

ამასთან, პარტიის ზუგდიდის ოფისის ლიდერი ამბობს, რომ ეჭვს უმძაფრებთ ოლქში შიდა წყაროებიდან მიღებულები ინფორმაციაც:

„ოლქიდან შიდა ინფორმაციებიც გვაქვს… არიან ადამიანები, ვისაც არ უხარია ეს ყველაფერი და გვიმყარებს ეს შიდა ინფორმაციები ეჭვს, რომ ბიულეტენების გახსნა ნამდვილად მოხდა“, — ამბობს ანი წითლიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

პარლამენტარის თქმით, ამის შესახებ უკვე მიმართა ზუგდიდის პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ცესკოს პასუხი

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი მე-11 ოლქის გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს:

„ის, რაზეც აპელირებენ საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, არის სიცრუე“.

მირანდა მესხის განცხადებით, „პრეტენზიები წარმოჩინდა მხოლოდ მას მერე, როდესაც ბათილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ხმების რაოდენობა მოემატა“.

8 ოქტომბერს ზუგდიდის საოლქო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს, – სიტყვიერ დაპირისპირებას ოპოზიციის კანდიდატებსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის, – ცენტრალური საარჩევნო კომისიაც გამოეხმაურა.

ცესკოს თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი: კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას“.

ცესკოს განცხადებით, ბრალდებები, რომლის თანახმადაც ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, „უსაფუძვლოა“ და წარმოადგენს მანიპულაციას.

ცესკო ასევე აღნიშნავს, რომ „საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გადათვლის საფუძველზე“ და „საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა ბიულეტენების გადათვლა 360 უბანზე საქართველოს მასშტაბით“.

თუმცა ანი წითლიძე ცესკოს უკანასკნელ განმარტებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ რეფორმის ფარგლებში ბიულეტენების გადათვლის პროცესი სადავო პროცესისგან დამოუკიდებლად, უფრო ადრე წარიმართა:

„პირველი გადათვლისას, რაც ე.წ. ლოტოტრონით მოხდა, ზუგდიდიდან მოხვდა 5 უბანი, ხოლო მე-11 ოლქიდან შემთხვევით მოხვდა ერთი უბანი. გადათვლის შედეგად ჩანდა, რომ ყველაფერი იყო წესრიგში. ეგ ლოტოტრონი მანამდე იყო და ქართული ოცნების საჩივარი ამ პროცესის შემდეგ მოჰყვა გადათვლა. ეს წინა დღით მოხდა, სანამ „ოცნება“ საჩივარს შეიტანდა.

თუკი ამ 5 უბანში რამე სამართლებრივი საფუძველი გამოჩნდებოდა, შემდეგ შეეძლო გადაეთვალა მთელი ოლქი, მაგრამ იმ 5 უბანში ყველაფერი დაჯდა იგივე და რატომ გადათვალა მაშინ მე-11 ოლქი? ეს, პირიქით, მათი საწინააღმდეგო არგუმენტია“, – ამბობს წითლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი