ახალი ამბები

მისცეს თუ არა ხმა ნაძალადევში ყალბი პირადობით — ენმ-ის განცხადება და პასუხი

30 ოქტომბერი, 2021 • 938
მისცეს თუ არა ხმა ნაძალადევში ყალბი პირადობით — ენმ-ის განცხადება და პასუხი

ენმ აცხადებს, რომ ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე გაყალბებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტი დააფიქსირა. პარტიის თანახმად, მოქალაქე უბანზე პირადობის ორი მოწმობით მივიდა, უბნის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ამომრჩეველს ხმა მხოლოდ იმ პირადობით მიაცემინეს, რომელიც ბაზაში იძებნებოდა.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ წარმოადგინა ფოტოსურათის და პირადი ნომრის მიხედვით ერთი და იგივე პირის ორი სხვადასხვა პირადობის მოწმობის ფოტო. ენმ-ის ცნობით, მათმა დამკვირვებლებმა იცნეს, რომ ეს პირი მეორედ მივიდა ხმის მისაცემად, ატეხეს ხმაური და მას პირადობის ორი სხვადასხვა მოწმობა აღმოუჩინეს.

“ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტები. წარმოგიდგენთ ამის მტკიცებულებას.

გვესმის, რომ პერსონალურ მონაცემებს ვავრცელებთ, მაგრამ საჯარო ინტერესი მოითხოვს, რომ გამოვაქვეყნოთ. გვაქვს ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა, მაგრამ სახელი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი ორივეში ემთხვევა, ორივე მოქმედია 2031 წლამდე. არ ემთხვევა გვარი და პირადობის მოწმობის სერია.

ამ მტკიცებულებით დასტურდება ის, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით საქართველოს ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს.

შესაბამისად, დღეს საგამოძიებო ორგანოების წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების დაწყების მოთხოვნას, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიით დასრულებული”, — განაცხადა თამარ კორძაიამ ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” 85-ე უბნის თავმჯდომარეს, ეკატერინე მათურელს დაუკავშირდა. მისი ვერსიით, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

მოქალაქე უბანზე მივიდა პირადობის მოწმობით, რომელიც, როგორც თავად თქვა, რამდენიმე დღის წინ აიღო, გვარის შეცვლის გამო.

ამომრჩეველი აცხადებდა, რომ სრული უფლება ჰქონდა, ხმა აღნიშნული დოკუმენტით მიეცა, თუმცა, როცა კომისიის წევრებმა ინფორმაცია ბაზაში გადაამოწმეს, აღმოაჩინეს, რომ მოქალაქის მიერ ახლად აღებული დოკუმენტი ბაზაში ასახული არ იყო.

ბაზაში მხოლოდ ის პირადობა იძებნებოდა, რომლითაც მოქალაქე გვარის შეცვლამდე სარგებლობდა. ამ დოკუმენტს ვადა გასული არ აქვს. როგორც მათურელი ჰყვება, ამის შემდეგ მოქალაქე უკან გააბრუნეს და ბაზაში ასახული პირადობა მოატანინეს.

“არ მივაცემინეთ ხმა [ამ პირადობით], არ მივეცით საშუალება. წავიდა და მოიტანა მისი პირადობის მოწმობა… ხმა მივაცემინეთ მოქმედი პირადობის მოწმობით, სიის ნომრით და სიაში რომ იძებნებოდა, ასეთით.

სიაში იყო, ხელმოწერილი გვაქვს, გადამოწმებული გვაქვს ყველანაირად. შევაფერხეთ ხმის მიცემის პროცესი, დავაზუსტეთ, რომ ნამდვილად იყო სიაში, იდენტიფიცირებულია სახეზეც, ფოტოთიც , აბსოლუტურად ყველაფრით”, — დასძენს ეკატერინე მათურელი.

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოც გამოეხმაურა.

სააგენტო ამბობს, რომ  ზემოხსენებული მოქალაქე ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. მან 22 ოქტომბერს, ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მეუღლის გვარი მიიღო.

“გვარის შეცვლა განხორციელდა 15 სექტემბრის, ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ. იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.

აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა”, — ამბობს სააგენტო.

საკითხთან დაკავშირებით “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ბრიფინგზეც ისაუბრეს. უწყებაში დაადასტურეს, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ, 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. უწყება ადასტურებს, რომ იმ მომენტისთვის, როცა მოქალაქემ გვარი შეიცვალა, სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები.

“შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

…ამ პირს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთხელ.

ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზიანს აყენებს ადმინისტრაციის მიმართ სანდოობას”, — დასძენს ცესკო.

მოგვიანებით, ამ თემაზე ბრიფინგი გამართა “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქის პირადი მონაცემები საჯაროდ ტირაჟირდება. მმართველმა პარტიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა, დაინტერედეს საკითხით.

50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დავაფიქსირეთ – TI

მასალების გადაბეჭდვის წესი