ახალი ამბები

50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დავაფიქსირეთ – TI

30 ოქტომბერი, 2021 • 859
50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დავაფიქსირეთ – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” [TI] ინფორმაციით,  13:30 საათისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 50-მდე მცირე და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს, რასთან დაკავშირებით შეადგინეს 8 საჩივარი.

TI-ის განმარტებით, დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევასთან, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღნუსხვასთან, დამკვირვებლების ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლასთან და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვებასთან დაკავშირებით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა ბათუმის, თელავის, რუსთავისა და ზუგდიდის ოლქებში. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც ამ დროისთვის გამოიკვეთა, ამომრჩევლების აღრიცხვაა:

“საერთო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციად ამომრჩევლების აღრიცხვა გამოიკვეთა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ამ პრობლემას მიხედოს, რადგან ეს შეიძლება გამოიყენონ ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით”, – განმარტა გიგაურმა.

TI-ის მიერ დაფიქსირებულ დარღვევები დეტალურად:

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა

#79 ბათუმის, #17 თელავის და #20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა.

გარდა ამისა, #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #66 უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრატორები მოსული ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ინიშნავდნენ. მათი თქმით, ამას კომისიის თავმჯდომარის დავალებით აკეთებდნენ. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეგისტრატორებმა შეწყვიტეს ეს ქმედება. მოსული ამომრჩევლის უბნის შიგნით აღრიცხვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ასეთი ქმედება ამომრჩევლის ნების კონტროლად არის აღქმული და უარყოფითად იყო შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ.

დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა

#25 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ჩვენს დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე.

საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვება

#69 ჩხოროწყუს ოლქის #15 უბანზე, 10-მდე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე. დავწერეთ საჩივარი და კომისიის თავმჯდომარისა და ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა მოვითხოვეთ.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის უბნებზე ტენდენციის სახე ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, „კავშირი მწვანე დედამიწის” და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“, რამდენიმე დამკვირვებლის ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად ყოფნას, რაც კანონით არ არის დაშვებული. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე ზედმეტ დამკვირვებელს უბნიდან უშვებდა.

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2021 წლის 30 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს 250-მდე დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები 28 საარჩევნო ოლქში 170 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 30 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი