ახალი ამბები

6 საჩივარი და 4 შენიშვნა – რა დარღვევები გამოავლინა საიამ 11:00 საათისთვის

30 ოქტომბერი, 2021 • 670
6 საჩივარი და 4 შენიშვნა – რა დარღვევები გამოავლინა საიამ 11:00 საათისთვის

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 11:00 საათისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა უბანზე წილისყრის პროცედურასთან, ხმის მიცემის წესებსა და აგიტაციის წესებთან დაკავშირებით დარღვევები გამოავლინა.

საიას განმარტებით, კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ორგანიზაციამ 6 საჩივარი და 4 შენიშვნა დაწერა.  კერძოდ:

  • მთაწმინდის მე-4 უბანზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემის დროს, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება;
  • საბურთალოს 33-ე უბანზე სხვადასხვა ფუნქციების გამოსავლენი წილისყრა ჩატარდა ერთად. ეს შემთხვევა საიამ საოლქო საარჩევნო კომისიაშიც გაასაჩივრა;
  • მარტვილის მე-13 უბანზე არასათანადოდ ჩატარდა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენი წილისყრის პროცედურები. მას შემდეგ, რაც პირველად გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრს არ მისცეს საშუალება გაჰყოლოდა ყუთს, თავიდან ჩაატარეს წილისყრა და მათთვის სასურველ კომისიის წევრს მიანიშნეს შესაბამის ფურცელზე;
  • ზუგდიდის #16 უბანზე, მას შემდეგ, რაც წილისყრით გამოვლენილმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა რეგისტრატორის ფუნქციის განხორციელებაზე, თავმჯდომარემ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრით ჩაანცვლა. ამ შემთხვევის ორივე ეპიზოდი გასაჩვრდა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში;
  • ბათუმის მე-9 უბანზე ბიულეტენების პაკეტი დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს;
  • ვაკის 41-ე უბნის პერიმეტრზე 25 მეტრის რადიუსში ქართული ოცნების სააგიტაციო მასალის არსებობის გამო საიამ გამოიძახა საპატრული პოლიცია, რის საფუძველზეც შედგა რეაგირების ოქმი.

ამასთან, საიას ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა უბნებზე ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების, ფარულობის დარღვევის და ნების კონტროლის მხრივ არსებული დარღვევებიც გამოავლინეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ქვეყნის მასშტაბით 9 მუნიციპალიტეტში 300-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი